12 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ ცესკოში გამართულ შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას და მის მოადგილეს, გიორგი შარაბიძეს მიმდინარე წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა.

პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა სია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური მუშაობის შედეგად დაზუსტდა და დაიხვეწა.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, რომ ცესკოს საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები წელიწადში ოთხჯერ, ხოლო საარჩევნო პერიოდში – მოთხოვნის შესაბამისად გადასცეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 558 437 პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში არიან, როგორც საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ასევე, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული საქართველოს სრულწლოვანი  მოქალაქეები.

მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით და იმ მოქალაქეთა უფლებების დასაცავად, რომელთაც საარჩევნო სიაში მოხვედრის პრობლემა ჰქონდათ, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2018 წლის 1 მარტიდან პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გამოცხადდა. აქცია 2019 წლის 1 იანვრამდე გრძელდება. ბრძანების თანახმად, გარკვეული კატეგორიის პირები მოწმობის მიღებისას თავისუფლდებიან, როგორც დოკუმენტის, ასევე, ფოტოსურათის გადაღებისათვის განსაზღვრული საფასურის გადახდისგან.

ამ აქციის ფარგლებში, დღემდე, 100 000-მდე მოქალაქემ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უსასყიდლოდ აიღო და შესაბამისად, ისინი შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 650 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 260 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

2013-2018 წლებში საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საარჩევნო სიიდან 8000-მდე გარდაცვლილი პირის მონაცემია ამოღებული.