ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორმა ჯენერ ედელმანმა ხარაგაულის #2, #3 და ლეღვანის საჯარო სკოლები „გუგლის“ პლანშეტებით დააჯილდოვა.

„ამ ზაფხულს საქართველოში საერთაშორისო ბანაკს – „ქალები მეცნიერებაში“ –  „მაიკროსოფტთან,“ „გუგლთან“ და სხვა კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით ვუმასპინძლეთ, – აღნიშნა ხარაგაულის #2 სკოლაში შეხვედრისას ჯენერ ედელმანმა, –  ჩვენმა პარტნიორებმა პლანშეტები დაგვიტოვეს და გვთხოვეს ტექნიკა იმ სკოლებისთვის გადაგვეცა, რომლებიც ამას კარგად გამოიყენებენ.

თქვენთვის ცნობილია, რომ აგვისტოში ხარაგაულში ამერიკის ელჩი ელიზაბეთ რუდი იმყოფებოდა. ის აღფრთოვანებულია ხარაგაულელების სითბოთი და სტუმართმოყვარეობით. საელჩოში ყველას გვთხოვა, რომ ხარაგაულისთვის რაიმე გაგვეკეთებინა. გადავწყვიტეთ, რომ „გუგლის“ მიერ დატოვებული პლანშეტები გადმოგცეთ.

ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლები USAID-ის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის პროგრამების ბენეფიციარები არიან. ახლა ვთანამშრომლობთ ლეღვანის საჯარო სკოლასთან სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში.“

სკოლების დირექტორებმა ვალერი გოგნაძემ, მარინე ხვედელიძემ, დირექტორის მოადგილეებმა რუსუდან გიგაშვილმა და მადონა ულუმბელაშვილმა, #2 სკოლის მოსწავლე თამარ ჭიპაშვილმა მადლობა გადაუხადეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობას საჩუქრისათვის.