

ხარაგაულში შეიქმნა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახური, რომელიც განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრს ეკუთვნის. ხარაგაულში ცენტრის სპეციალისტი გახლავთ მარიკა ბააკაშვილი. ქალბატონ მარიკას ცენტრის გეგმების, არსისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ვესაუბრეთ:
-ძალიან დროული და კარგი პროექტია. პროფორიენტაცია, ზოგადად, პიროვნების პროფესიის სწორად არჩევაში დახმარებას გულისხმობს. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა პროფესიათა გზაჯვარედინზე კონკრეტული მიმართულების ასარჩევად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების სისწორეზე დიდადაა დამოკიდებული პიროვნების ცხოვრებისეული გზა, შრომითი მოტივაცია და კმაყოფილების დონე. პროექტი სკოლის მესამე საფეხურის მოსწავლეებს გაუწევს დახმარებას. ნებისმიერ მოზარდს, რომელიც მიიღებს სავალდებულო საბაზო განათლებას, შეუძლია თავისი ინტერესისა და უნარის შესაბამისად აირჩიოს პროფესია. მოგეხსენებათ, დღევანდელი მოზარდების უმრავლესობა სწავლას უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს, რაც ხშირად ოჯახს ძალიან ძვირი უჯდება, ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს და ხვდება, რომ ეს პროფესია არ იყო მისი არჩევანი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევები. ეს იმიტომ ხდება, რომ არც მშობელს და არც სკოლას დღეისათვის არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია პროფესიული სასწავლებლების შესახებ. დღევანდელი პროფესიული სასწავლებლები მართლაც პროფესიულ კადრებს ამზადებს. აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, გააჩნიათ საჭირო ბაზა. თუ ბავშვი მოტივირებულია თავის არჩევანზე, აქვს ინტერესი და შესაბამისი უნარ-ჩვევა, ის აუცილებლად მიიღებს შესაბამის სპეციალობას და იქნება თავისი საქმის პროფესიონალი.
რაც შეეხება სკოლას, მათ ბევრის გაკეთება მოუწევთ, რომ დაარწმუნონ მშობლები თავიანთი შვილების შესაძლებლობაში. ასევე პროექტში ჩაერთვებიან კლასის დამრიგებლები. მალე მე-9 კლასს დაემატება საგაკვეთილო საათი „პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა.“ ამ გაკვეთილებს სკოლებში ჩაატარებენ კლასის დამრიგებლები. მათ გადაამზადებენ მასწავლებელთა სახლის ტრენერები და შესაბამის ინფორმაციას მიაწოდებენ ბავშვებს სხვადასხვა პროფესიის შესახებ. სწორედ სკოლის ასაკში და სკოლის დახმარებით უნდა გაეცნოს მოზარდი სხვადასხვა პროფესიების თავისებურებებს, შეიქმნან წარმოდგენა შრომის სამყაროზე, ბიზნესზე, ამ სამყაროს განვითარების პერსპექტივებზე. სწორად წარმართული პროფესიული ორიენტაციის მიზანიც ესაა, რომ მოსწავლემ თავიდანვე გამოიმუშაოს ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი, იგრძნოს და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ მომავალზე.
ვხვდებით მშობლებს და ვცდილობთ, სწორად ავუხსნათ მათ, რომ თუ ბავშვს არ აქვს უნარი, რომ მიიღოს სრული ზოგადი განათლება, ეს არ არის ტრაგედია. ასეთმა ბავშვმა არ უნდა დაკარგოს ტყუილად სკოლაში სამი წელი. მას შეუძლია აირჩიოს პროფესია, ისწავლოს პროფესიულ სასწავლებელში და მიიღოს შესაბამისი კვალიფიკაცია. ყველა მშობელს მინდა ვურჩიო, რომ არ ჩაერიონ შვილის არჩევანში, პატივი სცენ მათ გადაწყვეტილებებს და გარკვეული სახით შვილის ინტერესის სფერო დააკმაყოფილონ.
მომავლისთვის ვაპირებთ სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას. ვგეგმავთ შეხვედრებს, ექსკურსიებს პროფესიულ სასწავლებლებში. შევქმენით ბაზას ხარაგაულში არსებულ დასაქმების ობიექტების შესახებ. მოვიწვევთ ბავშვებს, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან ტურიზმით, ეკოლოგიით, მეფუტკრეობით, ხის დამუშავებით, ფარმაციით, კომპიუტერით, ბუღალტერიით და სხვა პროფესიით. ისინი ადგილზე ნახავენ, თუ როგორ მუშაობენ ამ პროფესიის ადამიანები, გაესაუბრებიან ხელმძღვანელები და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
დასასრულს მინდა ყველა ბავშვს და მშობელს ვურჩიო ითანამშრომლონ ჩვენთან და მობრძანდნენ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. ჩვენ მათ ყველა საჭირო ინფორმაციას მივაწვდით.
თამარ ჩხიკვაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“