განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს პირველად მეთერთმეტე კლასელთათვის ტარდება საატესტატო გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში. ამ გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

ამ საგნების სწავლება სრულდება მეთერთმეტე კლასში. სწორედ ამიტომ მიაჩნია მიზანშეწონილად  მარელისის საჯარო სკოლის დირექტორმა ვერა ოდიკაძემ სამინისტროს გადაწყვეტილება: „ჩვენ გავითავისეთ ეს რეალობა და ჩართული ვართ ამ პროცესში. ყველა საგნის მასწავლებელს მივაწოდე საგამოცდო პროგრამები და სისტემატურად მუშაობენ მოსწავლეებთან. ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისარგებლონ სკოლის კომპიუტერებით. მიმაჩნია, რომ აღნიშნული საგნები რთულია და მოსწავლეები დიდი ხალისით არ სწავლობენ მათ. თუმცა ჩვენი მოვალეობაა, დავაინტერესოთ. მონდომებული და ბეჯითი მოსწავლისათვის პრობლემა არ იქნება ამ გამოცდების ჩაბარება. ყველა მეთერთმეტე კლასელს ვუსურვებ წარმატებებს. ეჭვი არ მეპარება, ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე ამ გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს.“

გეოგრაფიის პედაგოგის, ლენა ორჯონიკიძის აზრით მოსწავლეთათვის გეოგრაფიის გამოცდის ჩაბარება პრობლემური ნამდვილად არ იქნება, რადგანაც ისინი მონდომებით იმეორებენ ნასწავლ მასალას. თუმცა მომავალში, ვისაც ეროვნულ გამოცდებზე გეოგრაფიის ჩაბარება სურთ, დამატებით აუცილებლად დასჭირდებათ მეცადინეობა.

მეთერთმეტე კლასის მოსწავლის მარიამ არევაძის აზრით, უკეთესია, რომ ეს გამოცდები წელს ჩაბარდება, რადგანაც მომავალი წლისთვის უფრო მეტი დრო დარჩებათ სხვა საგნების სწავლისათვის.

თამარ მაღრაძეს მიაჩნია, რომ არ გაუჭირდება გამოცდების ჩაბარება, რადგანაც პედაგოგები დიდი დატვირთვით მუშაობენ თითოეულ მოსწავლესთან და გაურკვეველი თითქმის არაფერი რჩება. „ინტერესით ველოდებით გამოცდებს, თუმცა ვშიშობთ, რადგანაც ასეთი ტიპის გამოცდა ჩვენთვის პირველად ტარდება. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის,“ – ამბობს თამარი.

წარმატებებს ვუსურვებთ მეთერთმეტე კლასელებს საატესტატო გამოცდებზე.

თამთა ჭყოიძე,  მადონა ცისკაძე