28 სექტემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიები მუშაობას შეუდგნენ. #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძის ინფორმაციით, ხარაგაულში 37-ვე საარჩევნო უბანზე თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი აირჩიეს. მისივე თქმით, ამ პროცესმა ყველგან მშვიდ გარემოში ჩაიარა.
ყველა საუბნო კომისია 12-12 წევრიანია, გარდა #45.05 მაქათუბნის საარჩევნო უბნისა. პირველი სხდომის ჩატარებამდე საოლქო კომისიისგან შერჩეული წევრი – ოლეგი წიქარიშვილი გარდაიცვალა. საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, ამ უბანზე წევრი აღარ დაემატება.
პირველი სხდომის დამთავრებისთანავე საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა სიები, ამომრჩეველთა სიების გაცნობისა და სიებთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის წესი გამოიკრა.
მაყვალა სულაქველიძე ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომ საკუთარი თავი სიაში დროულად გადაამოწმონ. სიაში არყოფნის, ან სხვა რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიას განცხადებით 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართოს. ამომრჩეველს უფლება აქვს, განცხადება პირდაპირ საოლქო კომისიას წარუდგინოს. განცხადებები, რომელთაც თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, საოლქო კომისიას ეგზავნება და იქ განიხილება. ამომრჩეველს უფლება აქვს, საოლქო საარჩევნო კომისიისგან მიღებული გადაწყვეტილება ორ დღეში სასამართლოში გაასაჩივროს.
მოქალაქეებმა, თუ მათი პირადობის მოწმობა ვადაგასულია, ან არჩევნების დღისთვის ვადა გაუდის, სამოქალაქო რეესტრს დროულად უნდა მიმართონ.
ამომრჩევლებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ამომრჩევლის ბარათსა და საინფორმაციო ფლაერებს ურიგებენ. წელს იმ ამომრჩევლებს, რომლებიც არჩევნებში პირველად მონაწილეობენ, განსხვავებული ფლაერები გადაეცემათ – მასზე დატანილია ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მიმართვა.
იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ხმის მიცემას გადასატანი საარჩევნო ყუთით აპირებენ, საუბნო საარჩევნო კომისიებს 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ.
ხარაგაულში არც ერთი საარჩევნო უბნის მისამართი არ შეცვლილა, გარდა საბისა. გასულ წელს, #48.22 საბის საარჩევნო უბანი კერძო სახლში იყო განთავსებული. წელს საბეში არჩევნები ბიბლიოთეკის შენობაში ჩატარდება.
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატების ამომრჩევლებთან შეხვედრის გრაფიკი შეიმუშავა. ამ გრაფიკის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატების შეხვედრა ამომრჩევლებთან 14 ოქტომბერს ხევში, ნადაბურსა და ხუნევში დაიგეგმა, 15 ოქტომბერს – გედსამანიაში, ვერტყვიჭალასა და საქასრიაში, 16 ოქტომბერს – უბისაში, მაქათუბანსა და ბორითში, 17 ოქტომბერს – ღორეშაში, სარგვეშსა და საბეში, 18 ოქტომბერს – თეთრაწყაროში, საქარიქედსა და კიცხში, 19 ოქტომბერს წყალაფორეთში, ვარძიასა და ხიდარში, 20 ოქტომბერს – წიფაში, მოლითსა და ზვარეში, 21 ოქტომბერს – დეისში, ქვებსა და ვახანში, 22 ოქტომბერს – დიდვაკეში, მარელისსა და ლეღვანში, 23 ოქტომბერს – ვანში, საღანძილესა და ჩხერში, 24 ოქტომბერს – ბაზალეთში, ჯაფარეულსა და ლაშეში, 25 ოქტომბერს – ისლარსა და ფარცხნალში, 26 ოქტომბერს – დაბა ხარაგაულში (კინოთეატრის შენობაში).
რამდენად შეხვდებიან ამომრჩევლებს, ამ გრაფიკის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატები ან მათი წარმომადგენლები, მაყვალა სულაქველიძესთვის უცნობია. საოლქო კომისიამ გრაფიკი კანდიდატების წარმდგენ პარტიებს გადაუგზავნა. გრაფიკის შემუშავებით საოლქო კომისიამ კოდექსის მოთხოვნა შეასრულა და ამ კონკრეტული შეხვედრების ორგანიზებაც მისი ვალდებულებაა.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ხარაგაულში ტრენინგები 29 სექტემბრიდან დაიწყო. ტრენინგები ოთხ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე ტრენინგებს საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები გაივლიან, შემდეგ – კომისიის ყველა წევრი, მესამე ეტაპზე ისევ თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები დატრენინგდებიან. მეოთხე ეტაპზე ყველა საუბნო კომისია არჩევნების დღის იმიტაციას უბნების ნაცვლად, ხარაგაულში, ტრენინგების ოთახში, მოაწყობს.
ტრენინგები ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის დარბაზსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკონფერენციო ოთახში მიმდინარეობს. მაყვალა სულაქველიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტისგან საოლქო კომისიაზე გადმოცემული ფართის გარემონტება, ჯერჯერობით, ვერ მოესწრო.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი