ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარიხევში, 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას, დოღი გაიმართა.

შეჯიბრი ამავე სოფლის მკვიდრის, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის, ალექსანდრე (ალეკო) ავალიშვილის, ხსოვნისადმი პატივმისაგებლად გაიმართა. დოღში, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, სხვადასხვა სოფლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

1.5 კმ მანძილზე რბენაში პირველი ადგილი სარგვეშელმა გიორგი კალატოზმა დაიკავა. მეორე ადგილზე ნიკა ბუხნიკაშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილს გიორგი არევაძე დაეუფლა.

„დღეს ღარიხევში დოღის გამართვის ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი,- აღნიშნა ღონისძიებაზე ბაზალეთის ტერიტორიული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა, – ალეკო ავალიშვილი იყო ახალგაზრდა, რომელსაც ღარიხევი ძალიან უყვარდა და მუდმივად ჩართული იყო ასეთ აქტივობებში.

ჩვენ ამ შეჯიბრით პატივს მივაგებთ მის ხსოვნას. ინიციატივა, რომ ღარიხევში ყოველწლიურად ალეკოს სახელობის დოღი გაიმართოს, ალეკოს ბიძას, თამაზ დეკანოსიძეს ეკუთვნის. წელს დოღის გამართვა რამდენიმე დღეში გადაწყდა. იმედი მაქვს, მომავალში ის უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს.“

პირველი ადგილის მფლობელი გიორგი კალატოზი ვარლამ ჭიპაშვილმა ფულადი და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

ორი ხარაგაულელი ახალგაზრდა ალეკო ავალიშვილი და შოთა ჭიპაშვილი 2018 წლის 17 აპრილს ავტოავარიით დაიღუპნენ.

თამთა გოგოლაძე