დღეს, 24 სექტემბერს, ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო წელი ახალგარემონტებულ სკოლაში დაიწყო.
მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) სკოლის ეზოში შეკრებილ პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მოსწავლეთა მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
მეუფე მელქისედეკმა მადლობა გადაუხადა გიმნაზიის სარემონტო სამუშაოებში მონაწილე ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ირაკლი ებანოიძეს, გოჩა ბუაჩიძეს, დავით ლაცაბიძეს, ხარაგაულის კეთილმოწყობის სამსახურს; ადგილობრივ ხელისუფლებას – ფინანსური დახმარებისთვის.
„ახალი სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებს, – აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა საზეიმო ღონისძიებაზე, – ვუსურვებ მათ, რომ იყვნენ ბეჯითები, უყვარდეთ ღმერთი, თავიანთი სამშობლო და ის მხარე, სადაც იზრდებიან – ჩვენი ხარაგაული. ერთგულები იყვნენ ერის წარსულისა, რომელმაც შვა აწმყო და შექმნან წარმატებული მომავალი. ისწავლეთ ძალიან კარგად და იყავით თავისუფლები – თავისუფლები არა სინდისისგან, არამედ შემოქმედებითად თავისუფლები. ბევრი იკითხეთ, წიგნი იყოს თქვენი მეგობარი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, განათლების დონე საქართველოში დაბალია და ამის გამოსწორება აუცილებელია.
ვგეგმავდით, ახალი სასწავლო წლის დაწყება უფრო პომპეზურად აღგვენიშნა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ჩვენი სკოლის პედაგოგი შორენა ბუაჩიძე გარდაიცვალა. უდიდესი ტკივილი იყო ჩვენთვის გასულ სასწავლო წელს ჩვენი მოსწავლეების – შოთასა და ალექსანდრეს გარდაცვალება.
ჩვენი სკოლა არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სკოლა, პედაგოგი და მოსწავლე.“
მეუფე მელქისედეკმა პირველი კლასის მოსწავლეები სასწავლო ნივთებით დაასაჩუქრა.
მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ.
„კარგად ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში უდიდესი პრობლემებია. ერთადერთი, რაც ჩვენს სამშობლოს გადაარჩენს, განათლებაა. საქართველოში მოვიდა დრო, რომ პედაგოგების ამაგი ჯეროვნად დაფასდეს. ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გასაღები პედაგოგების ხელშია,“ – აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.
საქართველოს ეროვნული ჰიმნის ფონზე პირველკლასელებმა დროშა აღმართეს, ფრანები გაუშვეს და სწავლის დაწყების მაუწყებელი ზარიც გაისმა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი