მეორე დღეა, ხარაგაულში სკოლების მასწავლებლებისთვის ბულინგის შესახებ ტრენინგი მიმდინარეობს.

სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა – ამ საკითხებზე თბილისის მასწავლებლის სახლის ტრენერ-კონსულტანტი ლიზა იოსელიანი კლასის ხელმძღვანელებს, სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ესაუბრება.

-ტრენინგის მონაწილეები დიდი ინტერესით ეცნობიან ბულინგის დასაძლევად საჭირო მეთოდებსა და აქტივობებს, – ამბობს ლიზა იოსელიანი, – როდესაც მასწავლებელმა იცის, რა გააკეთოს, ეს მდგომარეობის შესაცვლელად წინგადადგმული ნაბიჯია.

ლეღვნის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნათია ხიჯაკაძე თვლის, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც ბულინგის მსხვერპლი არ ყოფილა. ხშირ შემთხვევაში საზოგადოება ბულინგის მიმართ ყურადღებას არ ამახვილებს და ეს ნორმად მიაჩნია. ამიტომ ნათიასთვის ტრენინგზე მიღებული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ხვედელიძე ამბობს, რომ დროული ჩარევა და პრევენცია ბულინგის დაძლევაში დაგვეხმარება. საზოგადოება რომ უფრო კეთილშობილი გახდეს, ბულინგს თითოეული ჩვენგანი უნდა ებრძოლოს.

ბულინგის თემაზე ტრენინგი ხარაგაულში მომავალ კვირას დასრულდება.