არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაული“, მეხუთე თვეა, ახორციელებს პროექტს „ჩვენ აქ ვართ“.
პროექტის მთავარი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების კვლევა და გამოვლენილი პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვაა. ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით უნდა მოგვარდეს. ამ მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობელთა კომიტეტის წევრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს, შეხვდნენ.
პროექტის ხელმძღვანელმა, ა/ო „ნაბიჯი ხარაგაული“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან გურგენიძემ ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლობის პირველ შედეგებზე ისაუბრა.
წიფაში მცხოვრები გიორგის ოჯახმა ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ პროექტის „ჩვენ აქ ვართ“ დახმარებით ზესტაფონის დღის ცენტრ „ორიონის“ შესახებ შეიტყო. ამ დღის ცენტრში გიორგის სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. გიორგის დედა მიღწეული შედეგით კმაყოფილია და რაც მთავარია, თავად გიორგია ძალიან ბედნიერი.
22 წლის გიორგი „ორიონში“ თომატის თერაპიისა და ლოგოპედთან ურთიერთობის შემდეგ ოთხსიტყვიან წინადადებებს ამბობს, ხატავს, ერთმანეთისგან პურის, ლობიოსა და სიმინდის მარცვლებს არჩევს, კარტოფილს შესაწვავად ამზადებს. აღმოჩნდა, რომ გიორგის ენა ჰქონდა დაბმული, რაც ამ დრომდე ვერც ერთ სამკურნალო დაწესებულებაში ვერ დაუდგინეს.
„ორიონის“ დღის ცენტრის მომსახურების მიღება სხვა ხარაგაულელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც სურთ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრაზე შემდეგი საკითხები დააყენეს:
– მედიკამენტების შესაძენად ყოველთვიური დაფინანსება;
– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მომვლელისთვის ყოველთვიური ფინანსური დახმარება;
– სოციალური კაფეს ამოქმედება;
– დღის ცენტრის შექმნა;
– ბორითის სკოლაში პანდუსის მოწყობა.
„ჩემი ინფორმაციით, ეტლით მოსარგებლე მოსწავლე ხარაგაულში მხოლოდ ბორითის საჯარო სკოლაში დადის, – ამბობს რუსუდან გურგენიძე, – ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბორითის სკოლაში პანდუსის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდეს. თუმცა პანდუსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 26 სკოლიდან არც ერთში არაა.“
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის ინფორმაციით, მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში 3 სექტემბრიდან ცვლილებები შევიდა. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლელობის სტატუსის მქონე პირები, მედიკამენტებს 50%-იანი და მეტი ოდენობის ფასდაკლებით შეიძენენ.
ნანა კიკნაძის ინფორმაციით, თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ოჯახი სახელმწიფოსგან ფულად შეწეობას იღებს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიური ფინანსური დახმარება დაენიშნება, ეს, შესაძლოა, მისთვის სოციალური დახმარების შეჩერების საფუძველი გახდეს.
რუსუდან გურგენიძის მოსაზრებით, ყოველთვიური დახმარება შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იმ მშობლებს დაენიშნოთ, რომელთა ოჯახები სოციალურ დახმარებას არ იღებენ.
რაც შეეხება სოციალურ კაფეს, რუსუდან გურგენიძის სურვილია, რომ ეს პროექტი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელდეს. ეს არასამთავრობო სექტორის, ბიზნესისა და თვითმმართველობის თანამშრომლობას გულისხმობს.
„მუნიციპალიტეტის კუთვნილ ფართში სარემონტო სამუშაოები ბიზნესმა რომ დააფინანსოს, არასამთავრობო ორგანიზაცია ერთი წელი სოციალური კაფეს ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, – ამბობს რუსუდან გურგენიძე, – კაფეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დასაქმდებიან. კაფესთან ამოქმედდება საკვირაო სკოლა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კულინარიას და ხელობას შეისწავლიან.“
მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებს ხარაგაულში დღის ცენტრის ამოქმედებაში მაქსიმალურ დახმარებას დაჰპირდა.
„არ მინდა ფუჭი იმედი მოგცეთ. ამიტომ ვიფრთხილოთ დაპირებებში, – აღნიშნა მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ მშობელთა კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე, – კარგად გავერკვეთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახელმწიფო შეღავათს რა სახის მედიკამენტებზე უწესებს, ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემისას რა პრობლემა შეექმნებათ.
2016 წელს ხარაგაულის გამგებელი რომ გავხდი, ბორში დღის ცენტრისთვის 5 ათასი ლარის ინვენტარი შევიძინეთ. მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა რამდენიმე დღის წინ ნახა და ყველაფერი ისევ ყუთებში შეფუთული აწყვია. ამდენი ფული დაიხარჯა და ტექნიკას არ იყენებენ.
დღის ცენტრი უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე უნდა შევქმნათ. ყველნაირად ხელს შეგიწყობთ. მოვიძიოთ მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა, სადაც დღის ცენტრს ავამოქმედებთ.“
რუსუდან გურგენიძის ინფორმაციით, ძირულას ხეობაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობიდან გამომდინარე, დღის ცენტრის შექმნა აუცილებელია. მისივე თქმით, ჩხერიმელას ხეობაში მცხოვრებთათვის უმჯობესია დღის ცენტრი ხარაგაულში ამოქმედდეს.
მშობელთა კომიტეტის წევრები მერთან სამუშაო შეხვედრაზე განხილულ წინადადებებს მუნიციპალიტეტის მერიასთან მოქმედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს წარუდგენენ; შემდეგ კი პროექტს მოამზადებენ, რომ 2019 წლის ბიუჯეტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის დაფინანსება მოითხოვონ.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.