17 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრამდე გაგრძელდება საქართველოს ათ რეგიონში სამოქალაქო კვირეული.

კვირეულის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა,“ სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი და „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ფოთის პორტთან თანამშრომლობით აწარმოებენ კამპანიას – „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა!“

ამ კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე თემატური შეხვედრები ტარდება.

დღეს, 20 სექტემბერს, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრმა ხარაგაულში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „ნაბიჯი ხარაგაული“ და „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი“ – ქუჩის აქცია გამართეს.

მათ ავტომანქანების მძღოლებსა და მოქალაქეებს საინფორმაციო მასალები დაურიგეს.

ქუჩის აქციაში მათთან ერთად „სიდას“ პროექტების მენეჯერი რუსუდან მეტრეველი და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ გურჩიანი ჩაერთვნენ.

მოგვიანებით კი ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

კამპანიის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და განათლება საგზაო უსაფრთხოების თემაზე, გარემოს მოფრთხილება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

22 სექტემბერს კვირეული დასრულდება აქციით – „დღე ავტომობილის გარეშე.“