ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 საჯარო სკოლაში 17 სექტემბერს სწავლას 2 163 მოსწავლე შეუდგება. მათგან 176 პირველკლასელი წელს პირველად შეაღებს სკოლის კარს.

ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში, სარემონტო სამუშაოების გამო, სწავლა პირველ ოქტომბერს დაიწყება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა, გასულ სასწავლო წელთან შედარებით, 14-ით შემცირდა. წელს არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა სარგვეშისა და ლაშის საჯარო სკოლებში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში 2 163 მოსწავლის სწავლა-აღზრდაზე 584 პედაგოგი იზრუნებს. მათგან 150 სერთიფიცირებულია – უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე, ორი – წამყვანი მასწავლებელია, ხოლო ერთი – მენტორი. პრაქტიკოს მასწავლებელთაგან ნაწილი სტატუსის ცვლილებას ელოდება.

2018 წლის იანვრიდან ხარაგაულის #2, #3, მარელისის, ბორითის, ვაშლევის, ვახანის, ვერტყვიჭალის, კიცხის, ლეღვანის, ნადაბურისა და ხევის საჯარო სკოლები განათლების სამინისტროს პროექტში „სასკოლო აქტივობის პროგრამა“ ჩაერთენ. ეს ერთწლიანი პროექტი სკოლებში სპორტული, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს.

ბორის, მარელისისა და ხიდრის საჯარო სკოლებში წელს ინგლისურ ენას, სკოლის მასწავლებელთან ერთად, მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები ასწავლიან.

რა მდგომარეობაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში ინფრასტრუქტურის კუთხით, როგორ ხვდება ხარაგაულის საგანმანათლებლო სისტემა ახალ სასწავლო წელს, ამის შესახებ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს მარინე ვეფხვაძეს ვესაუბრეთ.

-2018 წლიდან სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ვალდებულება მუნიციპალიტეტებს გადმოეცათ. ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 200 ათასი ლარი გამოეყო. თუმცა ეს თანხა, ჯერჯერობით, მუნიციპალიტეტს არ მიუღია.

ინფრასტრუქტურული პრობლემები მეტ-ნაკლებად ყველა სკოლაშია. რამდენიმე შენობა კი დაუყოვნებლივ გასარემონტებელია:

  • ბორის საჯარო სკოლის შენობის მესამე სართულზე იატაკია შესაცვლელი;
  • ხევის საჯარო სკოლაში ორი კორპუსის დამაკავშირებელი დერეფნის სახურავი დაზიანებულია;
  • მოლითის საჯარო სკოლის ძველ კორპუსში სახურავი შესაცვლელია;
  • მთლიანად სარემონტოა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის შენობა;
  • წყალაფორეთის, ნადაბურისა და ლეღვანის საჯარო სკოლების სველი წერტილებია მოსაწესრიგებელი.

ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები 200 ათასი ლარით ამ პრობლემებს მოვაწესრიგებთ.

კიცხის საჯარო სკოლის შენობა რემონტს აღარ ექვემდებარება და ახალი სკოლის აშენებაა აუცილებელი. ამასთან დაკავშირებით მრავალჯერ მივწერეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თუმცა ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ამჟამად ველოდებით სპეციალისტების ჯგუფს, რომლებიც განსაზღვრავენ, რამდენად უსაფრთხოა არსებულ შენობაში სწავლის განახლება. თუ კიცხში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება, უნდა მოვძებნოთ ფართი, სადაც დროებით კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ისწავლიან. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამისთვის თეთრაწყაროს დაწყებითი სკოლის კორპუსს გამოვიყენებთ.

-I-VI კლასებში ეროვნული სასწავლო გეგმა და შესაბამისად, სახელმძღვანელოები შეიცვალა. რა სიახლეებია ეროვნულ სასწავლო გეგმაში?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი სახელმძღვანელოების დარიგება იმ მუნიციპალიტეტებიდან დაიწყო, სადაც მოსწავლეთა დიდი კონტინგენტია. უკვე მივიღეთ ახალი სახელმძღვანელოები, რომლებსაც სკოლებს გადავცემთ. ეროვნული სასწავლო გეგმის სიახლეებს დეტალურად არ გავცნობივარ. ერთი, რაც ვიცი ისაა, რომ სახელმძღვანელოები უფრო მსუბუქი იქნება.

ვინაიდან ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია კერძო სკოლაა, განათლების სამინისტრო ახალ სასწავლო წიგნებს მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს გადასცემს. დანარჩენებს სახელმძღვანელოების შეძენა მოუწევთ.

-ხომ არ არის სიახლეები სასკოლო ტრანსპორტის მომსახურების მხრივ ხარაგაულში?

განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ხარაგაულის საჯარო სკოლების დირექტორებმა პირველკლასელებისთვის დამატებითი მომსახურება მოითხოვეს, რადგან ისინი, ორი საათის განმავლობაში, უფროსკლასელების გაკვეთილების დამთავრებას ელოდებიან. ეს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა, რადგან ამისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოლიდური თანხის დამატებაა საჭირო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასკოლო ტრანსპორტი 106 მიმართულებით მოძრაობს.

-რამდენ სკოლაში გვყავს სკოლის ექიმი?

-სკოლას, სადაც 100-ზე მეტი მოსწავლეა, სკოლის ექიმი უნდა ემსახურებოდეს. ამჟამად ექიმის კაბინეტი ხარაგაულის #2, ხარაგაულის #3 და ხევის საჯარო სკოლებში მოქმედებს. ექიმი სასულიერო გიმნაზიაშიც ჰყავთ. ბორითის საჯარო სკოლაში ექიმის კაბინეტი მოწყობილია, თუმცა ექიმის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში, ამ დრომდე, არავინ ჩაერთო.

ხარაგაულის #2, მარელისისა და ვერტყვიჭალის სკოლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბუფეტები ფუნქციონირებს.

-საქარიქედისა და სხლითის დაწყებითი სკოლების კორპუსებში სწავლა აღარ მიმდინარეობს. როგორია თქვენი ხედვა, რა ბედი ელის ამ შენობებს, როგორ შეიძლება მათი გამოყენება?

-რესურსცენტრის უფროსად რომ დავინიშნე, ერთ-ერთი პირველი წერილი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან საქარიქედის სკოლის კორპუსის გასხვისებასთან დაკავშირებით მივიღე. ჩემი პოზიციაა, რომ ასეთი შენობები არ გავასხვისოთ და რაღაც დატვირთვა მივცეთ. ამ სოფლებში სხვა ისეთი შენობა, რომელსაც მოსახლეობა თავშეყრისთვის გამოიყენებს, არ არის.

განათლების სამინისტროს წერილობით მივმართე, რომ როდესაც კიცხის სკოლის მშენებლობა დაიწყება, საქარიქედის კორპუსის გარემონტებაზეც ვიზრუნოთ, სკოლამდელი მზაობის ჯგუფის, ან დაწყებითი საფეხურის კლასების ასამოქმედებლად.

2016 წელს საქარიქედში 8 სასკოლო და 12 სკოლამდელი ასაკის ბავშვი ცხოვრობდა. იმის გამო, რომ სოფელში დაწყებითი კლასები ვერ გაიხსნა, ეს ახალგაზრდა ოჯახები სოფლიდან წავიდნენ.

ჩვენთვის სოფლად მცხოვრები თითოეული ოჯახი მნიშვნელოვანია და ამიტომ საჭიროა, სკოლის ის კორპუსები, სადაც სწავლა, ამ ეტაპზე, აღარ მიმდინარეობს, შევინარჩუნოთ და ახალი, დროებითი, დატვირთვა მივცეთ. სოფელში ორი ბავშვიც რომ იყოს, მათთვის სკოლა აუცილებელია.

პანსიონურ მომსახურებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიდგომა შეიცვალა – ბავშვი ოჯახურ გარემოში უნდა გაიზარდოს. ბორის საჯარო სკოლასთან პანსიონი დღემდე მოქმედებს. როგორია თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით?

-ბორში, ისევე როგორც გასულ წლებში, პანსიონური მომსახურება გაგრძელდება. ძალიან კარგია, როცა სახელმწიფო აქცენტს ოჯახის მთლიანობაზე აკეთებს, რადგან ყველა ბავშვი მშობლებთან უნდა იზრდებოდეს. თუმცა, როცა ოჯახებს უკიდურესად უჭირთ, პანსიონი მათთვის ერთადერთი გამოსავალია. ხშირ შემთხვევაში, ოჯახში ძალადობის გამო, ბავშვები პანსიონში თავს უფრო დაცულად გრძნობენ. ძალადობრივ ოჯახში ცხოვრებას ჯობია, პედაგოგებმა იტვირთონ და მოსწავლეები საკუთარი შვილებივით აღზარდონ.

თამთა გოგოლაძე