სოფელ ხიდარის მკვიდრი, 25 წლის გურგენ ბერაძე რამდენიმე დღის წინ ხარაგაულის საავადმყოფოში სკალპირებული ჭრილობით მიიყვანეს. ქირურგიულ განყოფილებაში მან სამი დღე გაატარა. „საიმედო ხელში ვარ, ექიმმა ზაური ჭუმბურიძემ ყველაფერი გამიკეთა, რაც საჭირო იყო. დიდი რაოდენობით სისხლი დავკარგე. სამედიცინო დაზღვევით ვსარგებლობ და ამიტომ თანხა არ გადამიხდია. დიდი მადლობა სამედიცინო პერსონალს ჩემს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის,“ – ამბობს გურგენ ბერაძე.
ერთი თვეა, რაც ხარაგაულის საავადმყოფო და პოლიკლინიკა გაერთიანდა და მათ ბაზაზე შპს „ადითი“ ხარაგაული ჩამოყალიბდა. დავინტერესდით, როგორ ჩაიარა პირველმა თვემ, რა სიახლეები დაინერგა ან იგეგმება მომსახურებაში, – ამ, სხვა საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ შპს „ადითი“ ხარაგაულს ვესტუმრეთ.
ცნობისათვის, „ადითი“ ებრაული წარმოშობის სიტყვაა და „მომავლის იმედს“ ნიშნავს.
შპს „ადითი“ ხარაგაულის დირექტორის, ლარისა დვალის ინფორმაციით, აგვისტო ძალიან დატვირთული იყო ყველა განყოფილებისთვის (ბავშვთა, თერაპიული, ქირურგიული, გინეკოლოგიური), მაგრამ ქირურგიულ განყოფილებას განსაკუთრებით ბევრი პაციენტი ჰყავდა. ძაღლების დაკბენის შემთხვევებმა მოიმატა. აგვისტოში 134 ანტირაბიული ვაქცინაა გახარჯული. ხშირი იყო ტრავმებისა და ჭრილობების შემთხვევა. ამის გამო გაიზარდა საავადმყოფოს შემოსავლები. „გასულ თვეში საავადმყოფოს შემოსავალმა 10 ათას ლარს მიაღწია. ცალკეა პოლიკლინიკის განყოფილების შემოსავალი, რომელიც ჯერ სრულად არ დაგვითვლია,“ – ამბობს ლარისა დვალი.
შპს „ადითი“ ხარაგაულს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს შემდეგ სადაზღვევო კომპანიებთან: „ირაო,“ „იმედი L,“ „ჯი პი აი ჰოლდინგი,“ „ალფა.“ „სხვა კომპანიებში დაზღვეულებსაც შეგვიძლია მოვემსახუროთ, – ამბობს ლარისა დვალი, – მხოლოდ მათ უნდა გადაიხადონ მომსახურების ღირებულება და სადაზღვევო კომპანია შემდეგ აუნაზღაურებს თანხას. შპს „ადითის“ ხელმძღვანელობის წინაშე დავაყენე საკითხი, რომ ხელშეკრულება გავაფორმოთ სადაზღვევო კომპანია „ტაოსთან,“ რადგან რკინიგზაში დასაქმებულები ამ კომპანიაში არიან დაზღვეულნი. ვნახოთ, ეს საკითხი როგორ გადაწყდება.“
ლარისა დვალის თქმით, საავადმყოფო მომარაგებულია ყველა საჭირო მედიკამენტით. ქირურგიის განყოფილებაში მიიღეს ახალი სამედიცინო ქირურგიული იარაღები, შესახვევი მასალა და ყველა ის მედიკამენტი, რაც ესაჭიროება თითოეულ განყოფილებას.
გარემონტდა საავადმყოფოს მიმღები. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ქირურგიული განყოფილების ორ პალატაში. ქირურგიულ და თერაპიულ განყოფილებებში დამონტაჟდა წყლის სისტემა.
რაც შეეხება სიახლეებს, უახლოეს დღეებში საავადმყოფოში მეორე ქირურგი და ანესთეზიოლოგი დაიწყებენ მუშაობას. გაკეთდება როგორც სასწრაფო, ასევე გეგმიური ოპერაციები.
ერთი კვირაა, ფუნქციონირებს ექოსკოპიის კაბინეტი, რომელიც ყოველ ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს მიიღებს პაციენტებს.
შპს „ადითი“ ხარაგაული ძალიან მალე რენტგენის უახლეს აპარატს მიიღებს. აპარატი კომპიუტერულ ქსელში ჩაირთვება და გადაღებიდან 15 წუთში დაისმება დიაგნოზი. „ამჟამად ექიმი რენტგენოლოგი ორშაბათსა და ხუთშაბათს მოდის. თავდადებით მუშაობს ექთანი, ქალბატონი ლილი გველესიანი, თუმცა ვფიქრობთ, რენტგენოლოგიის კაბინეტში მოსალოდნელი ეს სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია ხარაგაულის საავადყოფოში,“ – ამბობს ლარისა ექიმი.
ლარისა დვალის თქმით, საავადმყოფოში ყველა განყოფილება იფუნქციონირებს. „ამჟამად საავადმყოფოში 77 თანამშრომელია. მოარული ხმებია, რომ შემცირდება თანამშრომელთა რაოდენობა. არავის არსად უშვებენ, – განმარტავს საავადმყოფოს დირექტორი, – პირიქით, გვჭირდება იურისტი და ფარმაცევტი. საავადმყოფოს აფთიაქისა და მიმღების კომპიუტერები ჩაერთვებიან ერთიან ქსელში. აფთიაქში აუცილებელია ფარმაცევტი იყოს ყოველდღე.“
რაც შეეხება ანაზღაურებას, ფიქსირებული ხელფასი აქვს მხოლოდ ადმინისტრაციას. ექიმები და ექთნები შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლის 35%-ს მიიღებენ.
გაწეული ხარჯების დასაფარად შპს „ადითმა“ გააფორმა ხელშეკრულებები „ენერგო-პრო ჯორჯიასთან,“ „სილქნეტთან,“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან და დასუფთავების სამსახურთან. საკანცელარიო საქონლის შეძენისას თანხა წარდგენილი ანგარიშფაქტურების მიხედვით ანაზღაურდება. შპს „ადითმა“ თანამშრომლებს კორპორაციული ნომრები შეუძინა და ყოველთვიურ სააბონენტო თანხასაც კომპანია ფარავს.
ყოველთვიურად შპს „ადითი“ ხარაგაულის მიერ გამომუშავებული თანხის 5% ადგილზე დარჩება. ამ თანხის გამოყენების მიზნობრიობას საავადმყოფოს დირექტორი გადაწყვეტს. „ყველაფერი თანამშრომლებს მოხმარდება. მე ვიცი, როგორი მძიმეა ექიმის შრომა და რას ნიშნავს პაციენტთან გატარებული თითოეული წუთი. შპს „ადითის“ ხელმძღვანელების სურვილია, პაციენტი კმაყოფილი წავიდეს საავადმყოფოდან. იმედიანად ვარ განწყობილი. ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმები მაღალი დონის, კვალიფიციური სპეციალისტები არიან და აქედან პაციენტები სხვა მუნიციპალიტეტში არ უნდა წავიდნენ,“ – დასძენს ლარისა დვალი.
სექტემბერში გადაუდებელ თერაპიაში თანამშრომლებს ტრენინგები ადგილზე ჩაუტარდებათ.
ქირურგი ზაური ჭუმბურიძე ამბობს, რომ ქირურგიის განყოფილებას აგვისტოში ბევრი პაციენტი ჰყავდა. „ძალიან გვეხმარება ახალი დირექტორი, – აღნიშნავს ზაური ექიმი, – თანამშრომლები გვერდით ვუდგავართ ერთმანეთს. უნდა ვიცოდეთ, ვინ რას და როგორ აკეთებს. ერთხელ მოვა პაციენტი და არ დახვდება ნორმალური პირობები, მეორედ მოვა – ვერ მოემსახურები სათანადოდ, მესამედ უკვე აქ აღარ შემოადგამს ფეხს. ქირურგიულ განყოფილებაში წყალმომარაგების სისტემა აღდგა. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა: პაციენტთან შეხვედრას და გარემოს. ჩვენთან მოსული პაციენტი ექიმებს შორის კოლეგიალურ დამოკიდებულებას უნდა ხედავდეს. XXI საუკუნეში საავადმყოფო თანამედროვე აპარატურით უნდა იყოს აღჭურვილი. სიახლეების დანერგვა აუცილებელია. დიდი სიხარულით ველოდები ქირურგს და მივეხმარებით ერთმანეთს.“
შპს „ადითი“ ხარაგაულის დირექტორის მოადგილე აზა ფურცელაძე თითოეული ექიმისა და თანამშრომლის გაძლიერებულ მუშაობაზე საუბრობს. „ავადმყოფებთან პირნათლად ვიყავით, რომ არც წამლის მოტანა სჭირდებოდათ, არც შესახვევი თუ სხვა მასალის. მომსახურების თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითაც არ ყოფილა განსაკუთრებული შეფერხება. ერთი-ორი შემთხვევა გვქონდა, რომ იმ მომენტში არ ჰქონდა პაციენტს ფული, მაგრამ მეორე-მესამე დღეს მოიტანეს. რა თქმა უნდა, ავადმყოფის მდგომარეობაში შევდივართ. ადამიანური ურთიერთობები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვნახოთ, როგორი იქნება მომავალი ურთიერთობა შპს „ადითთან.“ ადმინისტრაციას ხელფასი დატვირთვის მიხედვით არ განესაზღვრება და ფიქსირებული ხელფასი გვაქვს, მაგრამ თუ სტაციონარში არ იქნება ავადმყოფი, ვერც ადმინისტრაციას ექნება ანაზღაურება.“
სიახლეები დაინერგა შპს „ადითი“ ხარაგაულის ლაბორატორიაში. ექიმი ლაბორანტის, ეკა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მართალია, აგვისტო ხალხმრავალი იყო, მაგრამ მომავალში უფრო მეტ პაციენტს ელოდებიან. ლაბორატორია ყველა საჭირო მასალითა და რეაქტივით მომარაგებულია. „თუ ყველა განყოფილებამ დატვირთვით იმუშავა და საავადმყოფო ახალი აპარატურით აღიჭურვა, პაციენტთა რაოდენობაც გაიზრდება. ეს, პირველ რიგში, ლაბორატორიის შემოსავლებზე აისახება, რადგან ყველა პაციენტს ესაჭიროება სისხლის ანალიზი,“ – ამბობს ეკა ლურსმანაშვილი.
რაც შეეხება სიახლეს, შპს „ადითი“ ხარაგაულის ლაბორატორიაში შესაძლებელია ანალიზის ჩატარება ჩ რეაქტიულ ცილაზე, აივ/შიდსისა და სიფილისის დიაგნოსტიკა. ბოლო ორი ანალიზი მხოლოდ ორსულებზე კეთდებოდა. ახლა კი ნებისმიერს შეუძლია გამოკვლევა ჩაიტაროს. ლაბორატორიაში შეიცვალა ფასებიც: სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი 7 ლარი ღირს, C რეაქტიული ცილა – 5 ლარი, აივ/შიდსისა და სიფილისის დიაგნოსტიკა 8-8 ლარი, შარდის ექსპრესდიაგნოსტიკა – 5 ლარი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო დაზღვევის მქონე პირებმა, რომელთაც ესაჭიროებათ ლაბორატორიული გამოკვლევები, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სოფლის ამბულატორიიდან ექიმის მომართვა. მომართვაში მითითებული უნდა იყოს ის სავარაუდო დიაგნოზი, რომლის საბოლოოდ დასადგენად საჭიროდ ჩაითვლება შესაბამისი გამოკვლევები. წინააღმდეგ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია ამ გამოკვლევებს არ დააფინანსებს.
„არ ვარ უიმედოდ განწყობილი, – ამბობს ქირურგიული განყოფილების მთავარი ექთანი ქეთევან თავზარაშვილი, – ყველაზე მეტი პაციენტი ჰყავდა ქირურგიას. როგორც ვიცით, ხელფასები შემოსავლების მიხედვით მოგვეცემა. თვიურად 50 ლარზე მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, თუმცა ამაზე მეტ თანხას აუცილებლად მივიღებ. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მეორე ქირურგი გვეყოლება და ადგილზე ჩატარდება გეგმიური ოპერაციები. ძალ-ღონე არ დაგვიშურებია და არც დავიშურებთ მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისთვის.“
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ