ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კორპუსის მშენებლობა სრულდება. სამუშაოებს შპს „ელ ჯორჯია“ ახორციელებს.

ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორის, ეთერ პაპავას, ინფორმაციით, ამ ეტაპზე შენობაში მოძრავი კედლები მონტაჟდება.

„სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში ეზოს კეთილმოწყობა და შემოღობვა დასრულდება. სკოლა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. დამონტაჟებულია ელექტრო გასათბობი სისტემები. ელექტროენერგიის არქონის შემთხვევაში სკოლის შენობა დიზელზე მომუშავე გენერატორით გათბება. ავეჯის შესაძენად ტენდერს უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ,“ – ამბობს ეთერი პაპავა.

17 სექტემბერს ხიდრის დაწყებითი კლასების 17 მოსწავლე სწავლას ახალ შენობაში შეუდგება.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი ექვსი მცირეკონტინგენტიანი სკოლის ახალი შენობების ასაგებად საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი გასულ წელს 2 661 600 ლარზე გამოაცხადა. თითოეული სკოლის მშენებლობისათვის, დაახლოებით, 443 600 ლარი დაიხარჯა.