იმერეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე დღეს, 24 აგვისტოს, ხარაგაულში იმყოფებოდა.
გუბერნატორმა თანამდებობაზე დანიშვნიდან მეორე დღეს რეგიონში გასვლითი შეხვედრები დაიწყო. შავლეგო ტაბატაძე 22-23 აგვისტოს წყალტუბოში, ჭიათურასა და საჩხერეში იმყოფებოდა.
გუბერნატორმა ხარაგაულში ორი შეხვედრა გამართა. თავდაპირველად ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს, მის მოადგილეებსა და მერიის სამსახურების უფროსებს შეხვდა. მერის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე საკრებულოდან მხოლოდ თავმჯდომარე იყო მიწვეული.
საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის, მოთხოვნით, გუბერნატორი საკრებულოს ბიუროს წევრებს ცალკე შეხვდა. ამ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერიც იმყოფებოდა.
ჟურნალისტებს მერიასა და საკრებულოში გამართულ შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა არ მოგვეცა.
რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა, – ჩვენს ამ შეკითხვაზე იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ გვიპასუხა, რომ ხარაგაულში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე არსებულ პრობლემატურ საკითხებს გაეცნო. საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე კი ამბობს, რომ „გუბერნატორმა და დეპუტატებმა ინფორმაციები გაცვალეს – გუბერნატორმა თქვა, რომ ხალხისთვის ვართ არჩეულები და არა პირადი საკითხების მოსაგვარებლად; რომ მუშაობა მერიასა და საკრებულოს შორის ურთიერთშეთანხმებით უნდა გაგრძელდეს, პრიორიტეტები ერთად უნდა განისაზღვროს“.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ „შეხვედრა, ძირითადად, გაცნობით ხასიათს ატარებდა. გუბერნატორი ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალურ ხელისუფლებას დაქვემდებარებული უწყებების ურთიერთობებით დაინტერესდა. დეპუტატების მხრიდან სწორი აქცენტები გაკეთდა. პირადად მე, პრობლემებზე საუბრისას, საკრებულოსა და მერიას შორის თანამშრომლობის პრობლემებზე ვისაუბრე. საზოგადოების წინაშე მერიის მხრიდან ანგარიშვალდებულება უნდა გაიზარდოს“.
გამოჟონილი და დაუდასტურებელი ინფორმაციით, გუბერნატორმა ხარაგაულის მერსა და საკრებულოს წევრებს ჯანსაღი ურთიერთობისკენ და თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქირურგიული ჩარევაა“ მოსალოდნელი.
ჩვენთან საუბარში იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ განაცხადა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნობა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და მათგან მოისმენს, თუ რისი განხორციელება სურთ.
ვიმედოვნებთ, რომ გუბერნატორის მოსახლეობასთან შეხვედრებზე ჟურნალისტებს დასწრების შესაძლებლობა მოგვეცემა.
ფოტოზე: იმერეთის გუბერნატორის, შავლეგო ტაბატაძის, წარდგენა ქუთაისში, 2018 წ. 21 აგვისტო
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი