უკვე დღეს, დიაბეტით დაავადებულ ჩვენს თანამოქალაქეებს სამკურნალო საშუალებების შეძენა მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად შეუძლიათ, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამით ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოების ახალი ეტაპი დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოწყვლადი მოსახლეობისათვის სამედიცინო დანახარჯების შემცირების მიზნით, ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

„მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამაში განსაკუთრებული როლი უკავია იმას, რომ ჩვენ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ ის ხარჯები, რაც უკავშირდება მედიკამენტების შესყიდვას. არაერთი კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ხარჯი გახლავთ სწორედ მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯი. აქედან გამომდინარე, ჩვენ არაერთი ახალი ინიციატივა დავამუშავეთ. ერთ-ერთი მათგანი ამოქმედდა 13 აგვისტოდან, რომლის მიხედვითაც მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა. ფასდაკლება ვრცელდება მთელ მოსახლეობაზე. უკვე დღეს, დიაბეტით დაავადებულ ჩვენს თანამოქალაქეებს სამკურნალო საშუალებების შეძენა მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად შეუძლიათ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გასული წლის მაისში ამოქმედდა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც  მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ვრცელდებოდა. შემოდგომაზე ამოქმედდება პროგრამის შემდეგი ეტაპი, რაც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

„პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა შეეხება ყველაზე ფართოდ გავრცელებული – გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს. პროგრამა შემდგომში გაფართოვდება და მოიცავს სხვა ქრონიკულ დაავადებებს, რომლის მკურნალობაც ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური