ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, უსინათლოთა პროგრამის ამოქმედება სექტემბრიდან იგეგმება.

ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ეს პროგრამა აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო. ბენეფიციართა მოთხოვნით, ძლიერი სიცხეების გამო, სწავლას სექტემბრიდან განაახლებენ.

საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლობით, უსინათლოთა პროგრამა ხარაგაულში 2017 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე განხორციელდა. 15 უსინათლო ბრაილის შრიფტით წერა-კითხვასა და კომპიუტერთან მუშაობას ეუფლებოდა. პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 200 ლარით დაფინანსდა.

წელს პროგრამის ფარგლებში სამი უსინათლო და ერთი მხედველი დასაქმდება. პროგრამა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 800 ლარით ფინანსდება.

ფოტოზე: უსინათლოთა პროექტის პრეზენტაცია ხარაგაულში, 2017 წ.