ჯანდაცვის სამინისტრო ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას აფართოვებს.

პროგრამის მიზანია, მოწყვლადი მოსახლეობისათვის სამედიცინო დანახარჯების შემცირების მიზნით, ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

გასული წლის მაისში დაიწყო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ვრცელდებოდა.

2018 წლის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმ-მწარმოებლებს შორის შედგა თანამშრომლობა, რაც კერძო სექტორისა და სახელმწიფოს პარტნიორობის მოდელს წარმოადგენს. პროექტში მონაწილეობა ფარმ მწარმოებელი კომპანიებისათვის სოციალურ-კორპორაციულ პასუხიმგებლობას ითვალისწინებდა.

ამ ერთობლივი პროექტის პირველი შედეგი მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების საბაზრო ფასის განახევრებას გულისხმობს. აღნიშნული დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ნაწილი უკვე განახევრდა, თუმცა მომავალი კვირიდან მეორე ტიპის დიაბეტის მედიკამენტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება და მათზე ფასდაკლება გავრცელდება მთელს მოსახლეობაზე.

სექტემბრის დასაწყისში ამოქმედდება პროგრამის შემდეგი ეტაპი, რაც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა შეეხება ყველაზე ფართოდ გავრცელებული – გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს.

პროგრამა შემდგომში გაფართოვდება და მოიცავს სხვა ქრონიკულ დაავადებებს, რომლის მკურნალობაც ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას. თუკი დღემდე მედიკამენტების მოწოდება ხდებოდა ერთი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, ამიერიდან პროგრამაში ჩაერთვება სხვა სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისათვის ამ მედიკამენტებზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასაც.

პროგრამის გაფართოების მიზანია: პენსიონერთა და შშმ პირთა დანახარჯები ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე განახევრდეს, ან გახდეს მესამედი.

წყარო