რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ.

შეხვედრა საირმეში გაიმართა და მას აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში შემავალი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავარი განსახილველი თემა სამინისტროებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და მუნიციპალიტეტებს შორის თებერვალში გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების აღსრულება იყო.

„სამუშაო შეხვედრაზე საშუალება მოგვეცა დაგვენახა, რამდენად მზად არიან  მუნიციპალიტეტები, რომ ერთი კონკრეტული ფუნქცია – სკოლების სატრანსპორტო მომსახურება თვითმმართველობებში გადავიდეს. გამოჩნდა სირთულეები, პრობლემები, რაც თან ახლავს ამ საკითხს და დავინახეთ, სადაა საჭირო ჩვენი დახმარება,“ – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დეცენტრალიზაცია ევროინტეგრაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია, რომელიც თვითმმართველობებისთვის მეტი შესაძლებლობებისა და ფინანსების გადაცემას ითვალისწინებს.

„დღეს ერთ-ერთი აქტუალური თემაა მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხი, რასაც მომავალი წლიდან თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. ამ საკითხის გარდა, ჩვენ მზად ვართ, დეცენტრალიზაციის პროცესში, ბევრი სხვა უფლება და შესაძლებლობა გადავიტანოთ ადგილებზე,“ – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ცენტრალური ხელისუფლებიდან თვითმმართველობებში გარკვეული ფუნქციების დელეგირება ძალიან საინტერესო პროცესია. ამჯერად საუბარია სკოლების მოვლა-პატრონობისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხებზე. შეხვედრები გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, ყველა მიმართულებით გვექნება ხელშესახები შედეგები,“ – განაცხადა ბაღდათის მერმა არჩილ გოგსაძემ.

წყარო