23-26 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკი მოეწყო.

ბანაკს ხიდრის სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები მზია ბერაძე და ხათუნა ბერაძე ხელმძღვანელობდნენ, მშვიდობის კორპუსის მოხალისე-მასწავლებელ რეიჩელ ლენგსტონთან ერთად. ბანაკის ოთხივე დღე საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამით იყო დატვირთული.  საზაფხულო ბანაკში ყველა აქტივობა ინგლისურ ენაზე წარიმართა და ხიდრის სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი.

ინგლისურენოვანი საზაფხულო  ბანაკის მიზანი იყო მოსწავლეების დასვენება, ცხელი ზაფხულის ერთი კვირის შინაარსიანად გატარება და ამასთან ერთად, ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება.

ოთხი დღის განმავლობაში, ოთხ გუნდად დაყოფილი მონაწილეები სხვადასხვა სახალისო აქტივობებით იყვნენ დაკავებულნი. პირველი და მეორე დღე ჰუმანიტარულ საკითხებს მიეძღვნა, მესამე და მეოთხე დღეები – საბუნებისმეტყველო საგნებს.

შედეგად, მონაწილეებს განუვითარდათ ჰუმანიტარული და STEM საკითხების ეფექტური პრეზენტირებისათვის საჭირო უნარები.

სკოლის ისტორიაში ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკი პირველად გაიმართა და მონაწილე მოსწავლეებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ბანაკის ორგანიზატორი მასწავლებლები ამბობენ, რომ საზაფხულო ბანაკის დაგეგმვისას დასახულ მიზნებს მიაღწიეს. მოსწავლეებმა კი აღნიშნავენ, რომ ბანაკში მონაწილეობით მიღებულმა გამოცდილებამ და განცდამ მოლოდინს გადააჭარბა. მათი აზრით, უცხო ენის სწავლა არაფორმალურ გარემოში გაცილებით მარტივია, რადგან უცხო ენაზე საუბრის კომპლექსი ნაკლებია და დავალების შესრულებაზე კონცენტრაცია – მაქსიმალური.

საზაფხულო ბანაკი ხიდრის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით შედგა. ყველა საჭირო  რესურსი ადმინისტრაციამ უზრუნველყო და ბოლოს, ბანაკი ექსკურსიით დაგვირგვინდა.

საზაფხულო ბანაკი – ეს იყო სახალისო  და შემეცნებითი არდადეგები ხიდრის სკოლის მოსწავლეებისათვის!