დაბა ხარაგაულის მოსახლეობას ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს, 25 ივლისს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები შეგვხვდნენ.
ეს შეხვედრა, „ჩემი იმერეთის“ რედაქციისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ხარაგაულელებმა 29 ივნისს გზის მშენებლობის პროექტის დეტალური გაცნობა მოითხოვეს და საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოსა და პარლამენტში ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს წერილობით მიმართეს.
შეხვედრაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამშენებლო სამსახურის უფროსის მოადგილე ნოდარ აღნიაშვილმა აღნიშნა, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზის მშენებლობა აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყება და ორ წელიწადს გასტანს. გზა იქნება 9 მეტრი სიგანის, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ხიდს, აშენდება 4 ახალი ხიდი.
დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლა იგეგმება.
ძირულა-ხარაგაულის-მოლითი-ჩუმათელეთის გზის ძირულა-მოლითის მონაკვეთის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომანია „ბლექსი ჯგუფი“ განახორციელებს.
კინოთეატრში შეკრებილმა მოქალაქეებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესი პროექტია და ამ პროექტის დაწყებას მიესალმებიან .
თუმცა, ხარაგაულელებს აინტერესებთ:
დაბა ხარაგაულში მცხოვრები მოქალაქეების: ბესო დავაძის, თემურ ვეფხვაძის, ელვარდი გიორგიძის, ბესო ხომასურიძის, საკრებულოს წევრების: პაატა გოგოლაძის, თემურ ფცქიალაძის, გივი თავზარაშვილის, მალხაზ ფხალაძის, მარინე ხვედელიძის, დავით კიკნაძის, მიხეილ ჭიპაშვილისა და აკაკი მაჭავარიანის წინადადებით, აუცილებელია, რომ ტრანზიტული ავტომანქანებისთვის ალტერნატიული გზა მოეწყოს.
ნოდარ აღნიაშვილის განმარტებით, ტრანზიტული მანქანებისთვის ალტერნატიული გზის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში არ უმსჯელიათ. მისივე ინფორმაციით, სანამ ჩუმათელეთი-მოლითი-ძირულას გზა მოეწყობა, მანამდე ხევი-არგვეთას ავტომაგისტრალი შევა ექსპლუატაციაში, ან ერთი მიმართულება მაინც გაიხსნება ისე, რომ ავტომანქანებმა იმოძრაონ.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, დაბა ხარაგაულში გზაზე მოეწყობა სიჩქარის დამგდები კომპლექტები და საგზაო ნიშნები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის ინიციატივით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამშენებლო და განსახლების სამსახურების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებმა ალტერნატიული გზის მოწყობის შესაძლებლობა განვიხილეთ. ამ მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ხარაგაულელთა ჯგუფმა ერთად დავათვალიერეთ „ინეზარდას წყაროდან“ რკინიგზის სადგურისა და აგრარული ბაზრისკენ მიმავალი გზა, რომელიც რკინიგზის გასწვრივ, ხანდების ხიდისკენ მიემართება.
„ალტერნატიული გზის პროექტი რომ მომზადდეს და არსებული პროექტი დაკორექტირდეს, ამისთვის უნდა დავასაბუთოთ ალტერნატიული გზის ტექნიკური და ეკონომიკური მახასიათებლები, – აღნიშნა ნოდარ აღნიაშვილმა გზის დათვალიერების შემდეგ, – ფაქტია, რომ პროექტის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამის საჭიროებას დაინახავს, შემდეგ დასაბუთებულ წინადადებებს დონორს წარვუდგენთ.“
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მათ მოთხოვნებსა და წინადადებებს გააცნობენ და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში აცნობებენ.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი