დაბა ხარაგაულის მოსახლეობას ჩუმათელეთი-მოლითი-ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია და პროექტის გაცნობა აინტერესებს.

გზის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „ბლექსი ჯგუფმა“ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. ხარაგაულში, ს/ს „ავტოტრანსის“ ტერიტორიაზე საქმიანი ეზო ეწყობა.

გზის პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება „ჩემი იმერეთის“ რედაქციას მკითხველებმა გვთხოვეს. ამ მიზნით შპს „ბლექსი ჯგუფის“ წარმომადგენლებს მივმართეთ.

მათ მოსახლეობისათვის პროექტის გასაცნობად მზადყოფნა გამოთქვეს.

29 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე მოქალაქეებთან ერთად მოვიწვიეთ საკრებულოს წევრები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები და მერიის რამდენიმე სამსახურის უფროსი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე მოსვლასთან დაკავშირებით უარი განაცხადა, ხოლო მერის მოადგილეები, დაპირების მიუხედავად, შეხვედრაზე არ მობრძანდნენ.

29 ივნისს ხარაგაულელები გზის მშენებლობის პროექტის გასაცნობად შეიკრიბნენ, თუმცა შეხვედრაზე პროექტის პრეზენტაცია ვერ შედგა. შეხვედრის დაწყებამდე 3 საათით ადრე „ბლექსი ჯგუფის“ წარმომადგენელმა გვაცნობა, რომ ხარაგაულელებს გზის მშენებლობის პროექტს უახლოეს ხანში მშენებლობის დამკვეთთან, – საავტომობილო გზების დეპარტამენტის – წარმომადგენლებთან ერთად წარუდგენენ.

ხარაგაულელები, ზოგადად, მოხარულები ვართ, რომ ჩუმათელეთი-მოლითი-ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება, თუმცა განმარტებას ვითხოვთ შემდეგ საკითხებზე:

  • ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შემდგომ რამდენად შეძლებს დაბა ხარაგაული ავტომობილების ნაკადის გატარებას;
  • რამდენად მდგრადია გზის მიმდებარედ არსებული შენობები მშენებლობის პროცესის თანმხლები ხმაურისა და ვიბრაციის მიმართ;
  • რამდენად ემუქრება საფრთხე მოსახლეობისა და დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებულ მცირე ბიზნესს.

„უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ და მათი ინტერესები დავიცვათ, – აღნიშნა 29 ივნისს ხარაგაულში გამართულ შეხვედრაზე ხარაგაულის მინიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა, – მოსახლეობა სამართლიან გულისწყრომას გამოხატავს. ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც მერის კაბინეტში გაიმართა და რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შემთხვევით აღმოვჩნდი. შეხვედრას მოსახლეობა არ დასწრებია. საუბარი იყო პროექტის დეტალებზე. ავტომაგისტრალის აგრარული ბაზრის მხარეს მიმავალ გზაზე გადატანის საკითხი დავაყენე. მითხრეს, რომ ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამ საკითხს გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ განიხილავენ.“

დაბა ხარაგაულის მოსახლეობასთან შეხვედრაზე მყოფმა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მანქანების ნაკადის დარეგულირება თვითმმართველობის საქმეა, – მოძრაობის წესები ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს.

„თვითმმართველობა ვალდებულია, თქვენი ინტერესები დაიცვას, – მიმართა კობა ლურსმანაშვილმა მოქალაქეებს, – შეიძლება ავტომანქანების ტრანზიტული მოძრაობა აგრარული ბაზრიდან ხანდების საავტომობილო ხიდის მიმართულებით დაწესდეს. ის გზა ისედაც გასაკეთებელია – მისი მშენებლობა ან ამ პროექტის ფარგლებში მოვითხოვოთ, ან თვითმმართველობის წინაშე დავსვათ საკითხი, რომ შემოვლითი გზის რეაბილიტაციისთვის რეგიონული ან მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართოს.“

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ავტომანქანების დამატებითმა ნაკადებმა დაბა ხარაგაულზე არ უნდა გაიაროს, – აღნიშნა შეხვედრაზე დაბა ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა გოგოლაძემ, – ჩემი ინფორმაციით, ეს პოზიცია აქვს მერიასაც. მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, რომ არგუმენტირებულად დავაყენოთ მოთხოვნები.“

შეხვედრაზე ტრანზიტული მანქანებისთვის ალტერნატიული გზის აუცილებლობაზე ისაუბრა დეპუტატმა დავით კიკნაძემ. მისი თქმით, დაბა ხარაგაულში გზის პირას მდებარეობს სამი სკოლა, საბავშვო ბაღი. თუ დაბა ხარაგაულის გზა ტრანზიტული გახდა, მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს.

„არასწორია იმაზე საუბარი, რომ ავტომანქანების მომატებული ნაკადი არაფერს დააზიანებს, – განაცხადა შეხვედრაზე დაბა ხარაგაულის მცხოვრებმა თემური ვეფხვაძემ, – პირადად ჩემი სახლი მშენებლობით გამოწვეულ ვიბრაციასა და ავტომობილების ნაკადის ზრდას ვერ გაუძლებს. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაბამის უწყებებში საკითხი დააყენოს.“

ს/ს „ავტოტრანსის“ ტერიტორიაზე გზის მშენებლობისთვის ბეტონის ქარხნის მოწყობა არ მოსწონთ ხარაგაულში მცხოვრებ მაყვალა სებისკვერაძესა და ვერა ჩუბინიძეს. ბეტონის ქარხნის მიმდებარედ კულტურისა და დასვენების პარკი და საბავშვო ბაღია. მტვერი და ხმაური დისკომფორტს შეგვიქმნის. ბეტონის ქარხნისთვის შეიძლებოდა სხვა ადგილი, მაგალითად, „კოლხოსტროის“ ძველი ტერიტორია შერჩეულიყო.

პარლამენტარ კობა ლურსმანაშვილის განმარტებით, ბეტონის ქარხნის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა თვითმმართველობის უფლებაა. მისი თქმით, თუ მოსახლეობას საფრთხე ემუქრებოდა, მშენებლობის ნებართვა არ უნდა გაცემულიყო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელ რუსუდან გურგენიძის ინფორმაციით, მათ სამსახურში არის დაბა ხარაგაულის მოსახლეობის ხელმოწერები, რომ ისინი ხარაგაულში ბეტონის ქარხნის აშენებას არ ეწინააღმდგებიან. „კინოთეატრისა და მაღაზიების მიმდებარედ მანქანები ახლაც ქმნიან ავარიულ სიტუაციებს, – აღნიშნა რუსუდან გურგენიძემ, – საინტერესოა, მომატებულ ნაკადს რამდენად გაუძლებენ შენობები.“

დაბა ხარაგაულში მცხოვრებმა ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ხელმძღვანელმა ხათუნა მანჯავიძემ კონსულტაციისთვის „მწვანე ალტერნატივას“ მიმართა. ორგანიზაცია მშენებლობის დამფინანსებელ აზიის განვითარების ბანკში გასაგზავნად წერილს ამზადებს.

ხარაგაულში მცხოვრები ბესო დავაძე მოხარულია, რომ მოსახლეობა საკუთარი უფლებების დასაცავად გააქტიურდა. „თავის დროზე რომ ხმა ამოგვეღო, ახლა არ გვექნებოდა უაზროდ მოწყობილი „ღია ესტრადა,“ კოპიტნარში უხარისხოდ დაგებული ასფალტი და გაულესავი საყრდენი კედლები, რახიელას ღელეზე სასაცილოდ მოწყობილი ხიდ-ბოგირი და მრავალი სხვა. ამიტომ ერთმანეთს მხარში დავუდგეთ, ჯერ ინფორმაცია მივიღოთ და შემდეგ კანონის ფარგლებში ვიმოქმედოთ.“

ხარაგაულში, კოპიტნარის უბანში მცხოვრები სოფო ხიჯაკაძე კომპეტენტურ ადამიანებთან შეხვედრას მოითხოვს, რომ მიიღოს პასუხები კითხვებზე – დაბა ხარაგაულის გზის მდგომარეობა, სახლების მდგრადობა, მოსახლეობის რაოდენობა და საერთოდ ინფრასტრუქტურა იძლევა თუ არა ხარაგაულში ტრანზიტული მანქანების მოძრაობის დაშვების შესაძლებლობას. ეს, სოფო ხიჯაკაძის თქმით, აქამდეც უნდა გვცოდნოდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ამბობს, რომ ყველაზე მეტად აზიის განვითარების ბანკია დაინტერესებული გზის კანონიერად მშენებლობით. ამიტომ მოსახლეობამ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა უნდა მოითხოვოს.

„იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის მიერ დასმული საკითხები თვითმმართველობის მოსაგვარებელია, მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, თქვენი სახელით აქტიურ ლობისტობას გავწევ შესაბამის უწყებებში, – მიმართა მოქალაქეებს პარლამენტარმა კობა ლურსმანაშვილმა,

თქვენი სახელით მომიწევს ვისაუბრო და დავარწმუნო საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომ ტრანზიტული მოძრაობისთვის ალტერნატიული გზა მოეწყოს.“

შეხვედრის მონაწილე მოქალაქეებმა შეიმუშავეს ტექსტი, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიასა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს გაეგზავნა.

„…სამწუხაროდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა არ არის ინფორმირებული და არ იცნობს ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს; არ ვიცით, კონკრეტულად რა მონაკვეთზე გადის საავტომობილო გზა და რა პრობლემებს შეუქმნის ხარაგაულს. ამიტომ გთხოვთ, უახლოეს ხანში შეგვხვდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და გაგვაცნონ პროექტი, შეაჯერონ ის მოსახლეობასთან. ამით თავიდან ავიცილებთ გაუგებრობასა და შემდგომ კონფლიქტებს მოსახლეობასა და გზის მშენებელ ორგანიზაციას შორის, – ნათქვამია მიმართვაში.

დაბა ხარაგაულის მოსახლეობა საავტომობილო გზის პროექტის პრეზენტაციის მოლოდინშია.

ნინო კაპანაძე