მსახიობ ნინიკო ჩხეიძეს განსაკუთრებულად უყვარდა ხარაგაული და ხარაგაულელები. ხარაგაულში მისი სტუმრობისას ერთი კურიოზი გადამხდა თავს.

დღეს, როცა ნინიკო ჩხეიძის გარდაცვალების ამბავი შევიტყვე, არაჩვეულებრივ მსახიობთან, იუმორიან და გულწრფელ ქალბატონთან პირველად შეხვედრა გამახსენდა:

…1999 წლის საპარლამენტო არჩევნებია. ინტერვიუსთვის უნდა შევხვედროდი დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატს, რომლის სახელი და გვარი გახლდათ ნინო ჩხეიძე. იმ დღეს ხარაგაულში მსახიობ უშანგი ჩხეიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სპექტაკლს – „კაცი, რომელიც იქცა გრიგალად“ – მართავდა იზა ვეფხვაძე.

დეპუტატობის კანდიდატ ნინო ჩხეიძის მოლოდინში გამგებელმა დავით სახვაძემ რედაქციის კარი შემოაღო და მეუბნება, – ჩემს კაბინეტში ნინიკო ჩხეიძეაო. გამიხარდა, რადგან დეპუტატობის კანდიდატ ნინო ჩხეიძეს მთელი კვირა ვეძებდი.

…და დავიწყე მსახიობ ნინო ჩხეიძის საარჩევნო დაკითხვა…

-უიმე, რა არჩევნებიო! – გაიკვირვა ქალბატონმა ნინიკომ. ამ კურიოზზე დიდხანს ვიცინოდით რედაქციაში.

ნინიკო ჩხეიძე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს.

ნინო კაპანაძე