კალათბურთელ გოგონათა შორის იმერეთის ჩემპიონატი ხარაგაულელთა გამარჯვებით დასრულდა.

ფინალში ხარაგაულელმა კალათბურთელებმა ქუთაისელი თანატოლები დაამარცხეს. გამარჯვებული გუნდი გარდამავალი თასით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდა. ხარაგაულელ კალათბურთელ გოგონათა გუნდი ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის (დირექტორი ლენა აბაშიძე) მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული (მწვრთნელი ნუგზარ კაპანაძე). 

იმერეთის ჩემპიონატი კალათბურთში გოგონათა შორის მაისში დაიწყო და მასში 2002-2004 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ, კერძოდ, დასავლეთ საქართველოს 10 რეგიონის (ქუთაისი, ხარაგაული, ჭიათურა, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, სამტრედია, სენაკი, აბაშა) კალათბურთელთა გუნდები. ტურნირი საქართველოსა და იმერეთის კალათბურთის ფედერაციების ორგანიზებით გაიმართა. ჩემპიონატი მიზნად ისახავს კალათბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

დღეს, 26 ივნისს, იმერეთის ჩემპიონებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ხარაგაულის სპორტულ დარბაზში შეხვდა. მან კალათბურთელი გოგონები სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა და შემდგომი წარმატებები უსურვა.