ოცი წლის წინ, ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, ხარაგაულის სიმღერისა და ცეკვის ყოფილი ანსამბლის წევრმა დალი მაღრაძემ ფოლკლორული გუნდის შექმნა გადაწყვიტა. მაშინ ქალბატონი დალი ხარაგაულის მოსწავლეთა სახლს ხელმძღვანელობდა.

„ვგრძნობდი, რომ მომავალ თაობაში იკარგებოდა ის ღირებულებები და ტრადიციები, რაც ჩვენს ფოლკლორში უხვადაა, რაც ახალგაზრდას პიროვნებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, – იხსენებს დალი მაღრაძე, – ქვეყანაში ფსევდო კულტურა უფრო ფასდებოდა და ფოლკლორის უნიკალური მარგალიტები, რომლებიც ლოტბარმა ივანე (ბიჭიკო) აბაშიძემ მოიძია, დავიწყებას ეძლეოდა.

ამას მძიმე სოციალური ფონი ემატებოდა. თითქოს აღარავის ემღერებოდა. ჩემი სურვილი ხარაგაულის მაშინდელ გამგებელ ნოდარ ებანოიძეს და განათლების განყოფილების გამგე გია არევაძეს გავუზიარე. მათ მხარდაჭერა აღმითქვეს და ასე ჩამოვაყალიბე ჯერ ხალხური სიმღერის წრე, ხოლო შემდეგ – ანსამბლი „საუნჯე.“

გარკვეული პრობლემების გამო „საუნჯემ“ მეცადინეობა ანსამბლის წევრ შალვა ჩხეიძის ბებია-ბაბუის – მარინა დევდარიანისა და ნოდარ მაღრაძის ოჯახში გააგრძელა. შემდეგ ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სამლოცველოში მამა ფილიპემ (აბაშიძე) შეიფარა. ცხრა წელი კი ანსამბლის წევრები ქალბატონი დალის საცხოვრებელ სახლში იკრიბებოდნენ. ამჟამად მეცადინეობები სასამართლოს ყოფილ შენობაში, ახლა უკვე ანსამბლისთვის თვითმმართველობისგან გადაცემულ ოთახებში მიმდინარეობს.

„საუნჯელები“ ქართული ხალხური სიმღერების სიყვარულს თამაზ კიკნაძემ აზიარა. თექვსმეტი წელია, ქართულ ხალხურ სიმღერას ასწავლის და აყვარებს ახალგაზრდებს ლოტბარი მაია მაღრაძე. შვიდი წლის წინ ქორეოგრაფმა რომან ბუაჩიძემ ქართული ცეკვის ანსამბლი შექმნა.

მძიმე სამუშაო პირობების მიუხედავად, „საუნჯე“ ამ ოცი წლის მანძილზე საქართველოში ჩატარებული თითქმის ყველა ფოლკლორული ფესტივალის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია.

„საუნჯეს“ საიუბილეო კონცერტზე, რომელიც 18 ივნისს ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა, ანსამბლის ხელმძღვანელმა დალი მაღრაძემ პატივი მიაგო იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც ხარაგაულში ხალხური ფოლკლორის ნიმუშებს ეძიებდნენ და ინარჩუნებდნენ; მადლობა გადაუხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბიზნესმენ ლაშა მაღრაძეს თანადგომისათვის.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს ამ დარბაზში ყოფნა, – აღნიშნა „საუნჯეს“ საიუბილეო საღამოზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ, – ფოლკლორის ცენტრი ვალდებულია, გვერდით დაუდგეს ასეთ ანსამბლებს, რომლებიც იცავენ და ინარჩუნებენ ქართულ კულტურას.

21 მუნიციპალიტეტში გვაქვს სალოტბარო სკოლა, სადაც ქართული ხალხური სიმღერის, გალობისა და ცეკვის შესწავლის მსურველები უფასოდ სწავლობენ. სპეციალური პროგრამა ანზორ ერქომაიშვილმა და ფრიდონ სულაბერიძემ შექმნეს. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დიდი სურვილია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, სალოტბარო სკოლა 2019 წლიდან აქაც დაფუძნდეს.“

გიორგი დონაძემ ფოლკლორულ ანსამბლ „საუნჯეს“ 20 წლის იუბილე მიულოცა და განაცხადა, რომ იშვიათად მოუსმენია „საუნჯელების“ მსგავსი ჯანსაღი და უნიკალური ხმები. მან მადლობა გადაუხადა ანსამბლის ხელმძღვანელს, ლოტბარს, ქორეოგრაფს, ანსამბლის წევრებს, მათ მშობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ოცი წლის მანძილზე „საუნჯეს“ გვერდით იდგნენ.

„საამაყო და სასიხარულოა, რომ ხარაგაულის მდიდარი ფოლკლორული ტრადიციები ასე საინტერესოდ და ნაყოფიერად გრძელდება, – აღნიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ.

„საუნჯეს“ იუბილე მიულოცა და სალოტბარო სკოლის ამოქმედებისთვის მზადყოფნა გამოთქვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა.

მრავალი წარმატებული წელი მიეთვალოს „საუნჯეს“, მაყურებლის სიყვარულისა და აღიარების კვალდაკვალ.