ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნინო გურეშიძე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის მონაწილეთა საუკეთესო ათეულშია. ნინო მასწავლებელი თვლის, რომ ეს უკვე მისი საქმიანობის დიდი აღიარებაა. ჩვენი თხოვნით, თავმდაბლობით საუბრობს იმ მიღწევებსა და შედეგებზე, რასაც მან 30 წლის მანძილზე სკოლაში საქმიანობით მიაღწია.

ბავშვობიდან ექიმობაზე ოცნებობდა – პედიატრობა სურდა. ამ სურვილის ასრულება ვერ შეძლო. როცა კვლავ არჩევანის წინაშე დადგა, მასწავლებლობა გადაწყვიტა.

„თუ ბავშვები არ გიყვარს, მასწავლებლობაზე არც უნდა იფიქრო, – ამბობს ნინო მასწავლებელი, – კარგად გავაცნობიერე ისიც, რომ ბავშვისთვის (და ზოგადად ადამიანისთვის) სხეულის სიჯანსაღეზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სულის სიჯანსაღეა. მასწავლებელია სწორედ ის ადამიანი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მოსწავლის სულის ფორმირებაზე. უმნიშვნელოვანესია დაწყებითი კლასის მასწავლებლის როლი მოსწავლეებში მორალური ღირებულებების მიმართ თავიდანვე სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ვთვლი, რომ ექიმებზე ნაკლები მისია არ გვაკისრია. მალე დავრწმუნდი, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ. ვიპოვე ჩემი საყვარელი საქმე. ვერ ვიტყვი, რომ მასწავლებლობა ადვილია, მაგრამ როცა შენი საქმე გიყვარს, მაქსიმალურად იხარჯები და შედეგზე ხარ ორიენტირებული, აუცილებლად მოვა წარმატებაც! ბავშვებიდან ისეთი დიდი, პოზიტიური ენერგია მოდის, რომ დაღლა მავიწყდება და მზად ვარ, ახალ გამოწვევებს შევეჭიდო.

30 წელზე მეტია, სოფლის მცირეკონტინგენტიანი სკოლის მასწავლებელი ვარ. მოსწავლეთა სიმცირეს ერთი დიდი სიკეთე აქვს – ლამის ოჯახური გარემოა შექმნილი. ჩემი ოთხი მოსწავლის სიყვარულით სავსე თვალები მაბედნიერებს! ეს სიყვარული მაძლიერებს და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. მერე რა, რომ ცოტანი არიან! მე მათთვის ისევე ვიხარჯები, როგორც 30 ბავშვიან კლასში. მუდმივად ვეძებ სიახლეებს, ვცდილობ ზუსტად მოვარგო ჩემი მოსწავლეების საჭიროებებს და ინტერესებს, რათა ისწავლონ გააზრებულად და მაქსიმალურად განავითარონ კოგნიტური უნარები.

საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში მონაწილეობის მოტივაცია ნამდვილად მაქვს. ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის კარგი გამოცდილებაა. სააპლიკაციო ფორმის შევსებისას კიდევ ერთხელ გავაანალიზე, რა გამიკეთებია და რისი გაკეთებაა საჭირო პროფესიული განვითარების მიზნით, ჩემი მოსწავლეების უკეთესი შედეგებისთვის. ხოლო იმის შეგრძნება, რომ ჩემი კოლეგები და მოსწავლეთა მშობლები ღირსეულ კანდიდატად მთვლიან, ჩემთვის უკვე გამარჯვებაა.“

ნინო გურეშიძე 2003 წლიდან აქტიურად მონაწილეობს მასწავლებელთა სახლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-პროგრამებში. პირველივე წლიდან ჩაერთო დაწყებითი განათლების პროექტში G-PRIED, სადაც მუშაობას სკოლის ფასილიტატორად აგრძელებს. ნინო მასწავლებლის მთავარი მიმართულებაა დიფერენცირებული მიდგომები და გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული სწავლება. შარშან საკუთარი პრაქტიკის კვლევაც მოსწავლეთა კოგნიტური უნარების განვითარების გზებისა და საშუალებების ძებნას მიუძღვნა.

ნინო გურეშიძის მოსწავლეების შედეგებით იმდენად დაინტერესდნენ, რომ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით განზოგადების მიზნით, განათლების ექსპერტმა მათემატიკის მიმართულებით გიორგი ნოზაძემ გადაიღო სასწავლო  ფილმი, რომელიც განთავსდა პორტალზე და 700-ზე მეტი სკოლის მასწავლებელმა ნახა ვიდეო-სესიების მიმდინარეობისას.

სასწავლო წლის დასაწყისში, საპილოტე რეჟიმში ჩატარებული გარე შეფასებისას მოსწავლეების ცოდნის დონითა და აზროვნებით განსაკუთრებით კმაყოფილები დარჩნენ გარე შეფასების ექსპერტები. ნინო გურეშიძემ საქართველოს მასშტაბით გარე შეფასების პირველ ეტაპზე უმაღლესი ქულა დაიმსახურა.

„ჩემი პედაგოგიური საქმიანობის დასაწყისშიც კი, სანამ ახლებური მიდგომების დანერგვა დაიწყებოდა, არასოდეს მოვქცეულვარ ჩარჩოში. არასოდეს ვყოფილვარ სტანდარტული მასწავლებელი, – ამბობს ნინო გურეშიძე, – ყოველთვის ვცდილობდი, სასწავლო პროცესი არ ყოფილიყო ბავშვებისთვის მონოტონური და მოსაბეზრებელი. სახალისო აქტივობებს ვიგონებდი. წლების მანძილზე ბევრი ასეთი რესურსი დამიგროვდა. როცა გამომცემლობა ,,დიოგენემ“ კონკურსი გამოაცხადა სასწავლო თვალსაჩინოებების შერჩევის მიზნით, ქართულსა და მათემატიკაში 30-მდე დიდაქტიკური სავარჯიშო წარვადგინე. ჩემი სავარჯიშოები კონკურსის ორგანიზატორებმა მოიწონეს. ყველა ინოვაციურ მეთოდსა და რესურსს ჩემი მოსწავლეების შესაძლებლობების, ინტერესებისა და საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინებით ვიყენებ.“

შარშან ნინო გურეშიძემ თავი შეიკავა კონკურსში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მონაწილეობაზე, რადგან თვლიდა, რომ ოთხი მოსწავლის შედეგების დინამიკა ვერ იქნებოდა საინტერესო. სკოლის დირექტორის იზოლდა ოკრიბელაშვილისა და ბაზალეთის სკოლის მთელი კოლექტივის თანადგომამ გაადაწყვეტინა, სააპლიკაციო ფორმა შეევსო. რეკომენდაციები პირველ გამარჯვებად მიაჩნია. კონკურსის მესამე ეტაპზე გადასულს უმაღლესი ქულები რომ მიულოცეს და ვიდეო მიმართვის გაგზავნა თხოვეს, მისთვის ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. სკოლა სიგელით დაჯილდოვდა. 15 ივნისს აცნობეს, რომ საუკეთესოთა ათეულშია.

„გულწრფელად გეტყვით, პირველი წინადადების შემდეგ აღარაფერი მახსოვს, – ამბობს ნინო გურეშიძე, – თვის ბოლოს სხვადასხვა ღონისძიებებზე გვიწვევენ. მარტო კონკურსში მონაწილეთა პირველი ათეულის წევრებთან შეხვედრა და ურთიერთობები რად ღირს. ჩემთვის ჯილდოა იმ საზოგადოებაში მოხვედრა. ყველანაირ თანხას აღემატება წარმატებულ კოლეგებთან ურთიერთობები. საინტერესოა მათთან თანამშრომლობა. გამოცდილების გაზიარებით სწავლის მეთოდებს დავხვეწ და პროფესიულად გავიზრდები. ეს შეუფასებელი სარგებელია.“

კონკურსში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ნინო გურეშიძის წარმატებით დიდ სარგებელს მიიღებს ბაზალეთის საჯარო სკოლაც – გააქტიურდება პროექტებით სწავლება.

თუ მოიპოვებს საუკეთო მასწავლებლის ჯილდოს, ეს უმაღლესი სტატუსი დაეხმარება, მცირეკონტინგენტიან სკოლაში მოიზიდოს ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები. ნებისმიერი მშობლისთვის ხომ საამაყო იქნება, მის შვილს ასწავლიდეს ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი.

ნინო გურეშიძესთან საუბრისას გვერდი ვერ ავუარეთ იმ დიდ ტრაგედიას, მისი შვილის, ლაშას, გარდაცვალებას რომ უკავშირდება. ნინო იხსენებს, რომ 40 დღე სრულიად ინდიფერენტული გახდა ყველაფრის მიმართ და ოთახიდან ვერ გადიოდა. იჯდა და წერდა ყოველდღიურ განცდებს… მდგომარებიდან გამოსვლაში კოლეგები და მოსწავლეები დაეხმარენ… ორი სამყარო შექმნა – ერთგან ლაშასთან ერთადაა, მეორე სამყაროში – სხვა დანარჩენ ადამიანებთან. თანდათან ისწავლა ტკივილის მართვა და მძიმე ტვირთთან ერთად ცხოვრება, რომ ყველაფრის მუხედავად არსებობს მიზანი – საყვარელი საქმე, მოსწავლეები და  ცხოვრების გამართლება – შვილიშვილები. მთავარია, გააცნობიერა, რომ სჭირდება ოჯახს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს. ამბობს, რომ შვილმა სიკვდილი გაუადვილა. იქ, სადაც ლაშაა, წასვლა აღარ გაუჭირდება…

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 104 მასწავლებელი ჩაერთო. მათგან საუკეთესო ათეული 18 წევრიანმა ჟიურიმ შეარჩია. კონკურსის ხუთი ფინალისტი პირველ სექტემბერს გამოვლინდება. 5 ოქტომბერს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული დასახელდება.

კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) ინიციატივითა და ორგანიზებით, 2018 წელს უკვე მეორედ ტარდება „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი, რომელიც გლობალური კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას.
გასულ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა.

ნინო კაპანაძე