დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებამ დღეს, 25 ივნისს, პროექტის „განავითარე შენი რეგიონი“ – საგაზაფხულო სეზონი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეაჯამა.
ამ სეზონის თემა მუნიციპალიტეტებში ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებაზე ხელშეწყობას ეძღვნებოდა.
ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა მარიამ მანჯავიძემ, საბა ებანოიძემ და თამარ ჭიპაშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ხარაგაულის კინოთეატრში შეკრებილებს საკუთარი ხედვა გააცვნეს.
მარიამ მანჯავიძემ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, უბისის მონასტრის, ბალნეოლოგიური კურორტ ნუნუსის, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის, დევის ხვრელისა და ცაშეკრულას კანიონის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ცაშეკრულას კანიონში პატარა ხიდებისა და საპიკნიკე ადგილების მოწყობის შემდეგ ეს ადგილი გახდება ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონის მაცხოვრებლებისა და ტურისტებისთვის; სოფელი დიდი სახვლარი კი, შესაძლოა, გახდეს ისეთი მნიშვნელობის, როგორიცაა ბახმარო, დართლო, უშგული, თუ ხის სახლები საოჯახო სასტუმროებად გადაკეთდება.
საინფორმაციო ცენტრის ჩამოყალიბება და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საოჯახო სასტუმროების შექმნაზე ხელშეწყობა, ოფიციალური ვებ-გვერდის შექმნა, სადაც ხარაგაულის ღირსშესანიშნავი ადგილები განთავსდება, – ასეთი ხედვა აქვს მარიამ მანჯავიძეს.
საბა ებანოიძემ ხარაგაულის ეკონომიკური განვითარებისთვის ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე გაამახვილა ყურადღება. საბას აზრით, ტყის რესურსები, სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალები, ზვარეს მინერალური წყალი – ის უნიკალური სიმდიდრეა, რაც ხარაგაულს შემოსავლებს გაუზრდის. ამ კუთხით ინვესტიციების მოძიება ან ბიზნესმენებისთვის დაბალპროცენტიანი სესხის გაცემა ხარაგაულის თითქმის დაცარიელებული სოფლების გადარჩენის შანსია.
თამარ ჭიპაშვილმა ხარაგაულში სოფლის მეურნეობის, კერძოდ მეღვინეობისა და მეფუტკრეობის პოტენციალზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მყოფმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ აღნიშნა, რომ ცაშეკრულას კანიონის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად მერიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია გადაუგზავნა. მერის ინფორმაციით, იმედია, მომავალ წელს, ეს პროექტი დაფინანსდება.
რაც შეეხება ზვარის მინერალურ წყალს, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ხელისუფლებამ ის ათი წლის წინ გაასხვისა და ამ კუთხით ჩიხში ვართ.
ხე-ტყის გარკვეული რესურსის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემაზე საქართველოს პარლამენტში მსჯელობენ, მაგრამ ერთი წლის მანძილზე ეს საკითხი, სავარაუდოდ, კიდევ არ გადაწყდება.
„დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კულტურას, ახალგაზრდებისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობების დანერგვას, – აღნიშნა მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ ღონისძიებაზე, – უფრო მიმზიდველს გავხდით აქაურობას ახალგაზრდებისთვის.“
პროგრამის საზაფხულო სეზონის სიახლეებზე ისაუბრა დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების პროგრამების მენეჯერმა გიგა გლუნჩაძემ. მისი ინფორმაციით, უახლოეს ხანში საზაფხულო ბანაკი გაიხსნება კინტრიშში, სადაც სეზონზე 10 ათასი ახალგაზრდა დაისვენებს. პროექტში ჩართულია შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროები და საქართველოს ტურიზმის განვითარების სააგენტო.
პროექტის – „განავითარე შენი რეგიონი“ – საშემოდგომო სეზონი ტურიზმის განვითარებას მიეძღვნება. პროექტის ავტორთა განმარტებით მთავარი მიზანი ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებაა. პროექტი საქართველოს ათი რეგიონის 63 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
ღონისძიებაზე შესრულდა მუსიკალური ნომრები ხარაგაულელი ახალგაზრდების თამარ ლურსმანაშვილის, ნინო რამიშვილისა და ბენდის შესრულებით.
ფოტოზე: პროექტის ორგანიზატორები, მონაწილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ღონისძიების შემდეგ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი