მედიასახლმა „გურია ნიუსი“ ჟურნალისტები ჩოხატაურში მედიატურზე მიგვიწვია.

მედიატურის მიზანი მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხანა „ნაბეღლავის“ საწარმოო პროცესის ახლოს გაცნობას ემსახურებოდა.

ქარხნის ოფისმენეჯერმა ნანა ბიწიაშვილმა გვიამბო, რომ ნაბეღლავის ისტორია 1905 წლიდან იწყება, როდესაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში მინერალური წყალი აღმოაჩინეს. წყალი ხარებს მოსწონებიათ და სწორედ ასე მიაგნო ადგილობრივმა მოსახლეობამ წყაროს.

1950-იან წლებში  პირველი ჭაბურღილი გაიჭრა და 1958 წელს ნაბეღლავის წყლის ქარხნული წარმოება დაიწყო.

ნაბეღლავის ისტორიაში ახალი ეტაპი 1997 წლიდან იწყება, როდესაც წარმოებას სათავეში „წყალი მარგებელი“ ჩაუდგა.

2017 წლის ივნისში სოფელ ნაბეღლავში  სს „წყალი მარგებელის“ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა გაიხსნა. აღნიშნული პროექტი განხორციელდა შვეიცარიელ და ავსტრიელ პარტნიორებთან და EBRD-თან ერთად. პროექტის საერთო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

ქარხნის ტექნოლოგიური მოდერნიზება უზრუნველყო მსოფლიოში ცნობილმა კომპანიებმა „კრონესმა“ და „ტეტრაპაკმა“.

ნაბეღლავი ყოველდღიური მოხმარებისაა და სამკურნალო თვისებებიც აქვს. სოფელი ნაბეღლავი გამაჯანსაღებელი კურორტი იყო, სადაც მინერალური წყლის აბაზანებს იღებდნენ. წყალი მიწიდან ჭაბურღილით 60-220 მეტრის სიღრმიდან მოიპოვება. ბახმაროს წყაროს წყალი კი ქარხანას 3 კილომეტრიანი მილსადენით 1000 მეტრის სიმაღლიდან მოეწოდება.

მრავალპროფილური უალკოჰოლო სასმელების ქარხანა „ნაბეღლავი“ მინერალურ წყლებთან ერთად სხვა პროდუქტებსაც აწარმოებს, როგორიცაა, ავსტრიული კომპანია „რაუხის“ წვენები, ცივი ჩაი, ლიმონათი, ენერგეტიკული, ახალი მინერალური წყალი „ჯეო ნატურა,“ მოჰიტოები და სხვ.

მინერალური წყალი ნაბეღლავი საქართველოში ბაზრის თითქმის 100%-ს ფარავს, ხოლო ბახმარო ობიექტების დაახლოებით 85%-შია წარმოდგენილი. მინერალური წყალი მსოფლიოს 29 ქვეყანაში გადის ექსპორტზე, მათ შორის დსთ-სა და არაბეთის ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთსა და იაპონიაში.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ კომპანიაში წარმოებული წყალი აკმაყოფილებს პენტაგონის სტანდარტებს და საქართველოში წვრთნების დროს მყოფი ამერიკის ჯარი „წყალი მარგებლის“ წყლით მარაგდება.

ნინო კაპანაძე