

„დღევანდელი ლექცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საკითხი აქტუალური და რთულია, დღემდე საკამათო და აქ მყოფ მოსწავლეებს, ვფიქრობ, მისი შესწავლის სურვილი აუცილებლად გაუჩნდებათ,“ – აღნიშნა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში პროექტის „დიდი წინაპრები“ ფარგლებში გამართული ლექციის შემდეგ ეკა შველიძემ.
პროექტის „დიდი წინაპრები“ ავტორი, ნიკოლოზ მაჭავარიანი, გასულ პარასკევს დამსწრეთ ესაუბრა თემაზე „ქართველთა (იბერთა) ეთნოგენეზისი.“
ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები უძველეს პრეისტორიულ ეპოქაში, რომლებმაც დიდი კულტურა შექმნეს, – ამ საკითხთან დაკავშირებით ნიკოლოზ მაჭავარიანმა გაგვაცნო ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერების – ივანე ჯავახიშვილის, ნიკო მარის, არნოლდ ჩიქობავას, მიხეილ წერეთელის, რისმაგ გორდეზიანის, ვილჰელმ ჰუმბოლდტის და სხვათა კვლევები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქართველური მოდგმის გენეტიკური ძირის, ბასკური ენის და პირინეის ნახევარკუნძულის უძველესი მოსახლეობის კვლევის შემდეგ მეცნიერმა ვილჰელმ ჰუმბოლდტმა დაასკვნა, რომ სამხრეთ ევროპის – პირინეების, იტალიის, ხმელთაშუა ზღვის კუნძულების პირველადი ავტოქტონური მოსახლეობა იყო იბერიული. მათ უწოდებენ პროტოიბერებს და მათგან მომდინარეობს გვიანდელი ევროპული მოსახლეობა.
პირინეის ნახევარკუნძული, ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის აუზი, ბალკანეთი – თანამედროვე საბერძნეთი, კავკასია და ინდოეთის თანამედროვე ტერიტორია, შუა აზია და პალესტინა – ეს არის გავრცელების არეალი პროტოიბერიული (იაფეტური) მოდგმისა, რომელსაც ვილჰელმ ჰუმბოლდტის გამოკვლევების მიხედვით ჰქონდა მრავალი განშტოება. ამ მოდგმის ენა იყო ერთიანი, თუმცა ცალკეული ენაკავები იღებდნენ დამოუკიდებელი ენების ხასიათს.
კოლხეთი იყო უძველესი კულტურისა და სიბრძნის კერა, ბაზისი; ელინური კულტურა კი ზედნაშენია კოლხური კულტურისა, რაც კარგად ჩანს არგონავტების მითში. ეს იმის დასტურია, რომ ქართველური მოდგმა ლოკალიზებული იყო არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ გადაჭიმული იყო პირინეიდან ინდოეთამდე.
ასე რომ, ადრეულ სამყაროში იცოდნენ, რომ პირველადი მისტერიალური სიბრძნის სამშობლო იყო კოლხეთი, ტროა. ხოლო შუა საუკუნეებში კავკასიას უწოდებდნენ ფილოსოფოსთა მთას, სადაც იყო ზეციური რწმენის მადანი ანუ გრაალის თასი.
ბერძენ გმირებს კოლხეთიდან მუხის ხეზე მიმაგრებული ვერძის ოქროს ტყავის წაღება კი არ სურდათ, არამედ სიბრძნის დაუფლება. მაშინდელ ელადაში განათლების დონე შედარებით დაბალი იყო, ვიდრე კოლხეთში. ისინი კოლხეთში სიბრძნის მისაღებად ჩამოვიდნენ.
იგივე შეიძლება ითქვას პრომეთეს მითზეც. პრომეთემ კორინთოში ზევსს დახვედრა მოუწყო. როდესაც ხარი დაკლეს და გაანაწილეს, ზევსს და მის მეგობრებს მხოლოდ ტყავი და ჩლიქები შეხვდა. ზევსი გვიან მიხვდა ამას, რადგან მისი ცნობიერება არ იყო პრომეთეს დონის. პრომეთეს სამყარო, ანუ იბერიული სამყარო უფრო მაღალ დონეზე იდგა ვიდრე ზევსის ანუ ინდოევროპელთა სამყარო.
მითების მიხედვით, ენათმეცნიერებმა შემდეგი თეორია შეიმუშავეს: ჩვ.წ.აღ-მდე მესამე ათასწლეულის ბოლოდან მეორე ათასწლეულის დასაწყისამდე დიდი ცივილიზაციითა და კულტურით დომინირებდა იბერიული მოდგმის ხალხი.
ნიკოლოზ მაჭავარიანის განმარტებით, კომუნისტების პერიოდში გავრცელებული სწავლება, – თითქოს ქართველები მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბდნენ როგორც ერი, არასწორია. სამწუხაროდ, დღესაც არ საუბრობენ აქტიურად ქართველთა წარმოშობისა და ეთნოგენეზისის შესახებ.
ქრისტიანულ ეპოქაში, ენათმეცნიერების განმარტებით, სიბრძნის სიმბოლოა ფილოსოფიური ქვა ანუ გრაალის თასი. მე-11 საუკუნის გერმანელი პოეტი ვოლფრამ ფონ ეშენბახი თავის პოემა „პარციფალში“ გვეუბნება, რომ პარციფალის ნახევარძმის – ფაირეფიცის შვილი, მეფე ხუცესი იოანე, კავკასიაში ძლიერი სახელმწიფოს მფლობელია. პოემის თანახმად, სწორედ ამ ქვეყანაში არის ფილოსოფიური მთა ანუ გრაალის თასი – სიბრძნის საიდუმლო. 11-12-ე საუკუნის კავკასიაში ქვეყანა, რომელსაც იოანე მეფე ხუცესი მართავდა, იყო საქართველო. ევროპელები მეფე დავით აღმაშენებელს მეფე ხუცეს იოანედ მოიხსენიებდნენ. ამას ადასტურებს დიდი რუსი ენათმეცნიერი აკადემიკოსი ლოსევი (საიდუმლოდ ბერად აღკვეცილი ანდრონიკე), რომელიც გელათში სტუმრობისას დავით აღმაშენებლის საფლავზე მუხლმოდრეკილი ასე ლოცულობდა: „წმინდაო, მეფე ხუცესო იოანე, შეავედრე უფალს სული ჩემი.“
ოქროს საწმისი და გრაალის თასი სიმბოლურად განასახიერებენ იმ საიდუმლოს, რომელიც დედამიწის რომელიღაც კუთხეშია დამარხული თუ დამალული. მითებისა და შემდგომი ეპოქის წყაროების თანახმად, ეს სიბრძნე და საიდუმლო კავკასიაშია. „შესაძლოა, ეს იყოს ენა, – ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი, – იოანე ზოსიმე ხომ წერს – „ყოველივე საიდუმლოი ამასა ენასა შიგან დამარხულ არს;“ შეიძლება იყო მცენარე – პრომეთეს სისხლი, რითაც მედეა ანტიკურ ხანაში ადამიანებს კურნავდა და სხვ. მთავარია, რომ ეს საიდუმლო ჩვენთანაა.“
ქართველ და უცხოელ ენათმეცნიერთა დასკვნებს ზვიად გამსახურდიას კვლევები მიემატა, რომელსაც ის აღწერს წიგნში „საქართველოს სულიერი მისსია“. პროექტის ავტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ წაიკითხონ ეს წიგნი. მისივე თქმით, მოსწავლეებს ქართველთა ეთნოგენეზისის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტითაც შეუძლიათ.
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,