დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. ღონისძიების დაწყების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ამბობდა, რომ მათი წინასწარი ინფორმირება არ ხდებოდა.

გურიაში, სოფელ შემოქმედის ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მავნებლის წინააღმდეგ ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავებისას მათი წინასწარი გაფრთხილება არ მომხდარა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით, შეწამვლის პირველი ფაზის დროს მოსახლეობის ინფორმირება რთულად ხდებოდა, თუმცა მეორე ფაზის დაწყებამდე პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობა გაზრდილია.

მისი თქმით, გაფრთხილების შეტყობინება ყველა მუნიციპალიტეტებს წამლობამდე 24 საათით ადრე ეგზავნებათ. სპეციალისტს მიაჩნია, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობაზე სოფლის რწმუნებულების პასუხისმგებლობაა.

ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ადგილობრივები წამლობის დაწყებამდე გააფრთხილეს, ხოლო მეფუტკრეებს სატელეფონო ზარის მეშვეობით მიაწოდეს ინფორმაცია.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.