ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, შესაძლოა, 2019 წლიდან სალოტბარო სკოლა ამოქმედდეს.

ეს ინფორმაცია დღეს, 18 ივნისს, ხარაგაულში ანსამბლ „საუნჯეს“ საიუბილეო კონცერტზე მყოფმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ გაავრცელა.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს ამ დარბაზში ყოფნა, – აღნიშნა გიორგი დონაძემ, – ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ვალდებულია ასეთ ანსამბლებს, რომლებიც იცავენ და ინარჩუნებენ ქართულ კულტურას, გვერდით დაუდგეს.

21 მუნიციპალიტეტში გვაქვს სალოტბარო სკოლა, სადაც ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის შესწავლის მსურველი მოსწავლეები უფასოდ სწავლობენ. სპეციალური პროგრამა ანზორ ერქომაიშვილმა და ფრიდონ სულაბერიძემ შექმნეს. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დიდი სურვილია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, სალოტბარო სკოლა 2019 წლიდან აქაც დაფუძნდეს.“

გიორგი დონაძემ ფოლკლორულ ანსაბლ „საუნჯეს“ 20 წლის იუბილე მიულოცა და განაცხადა, რომ იშვიათად მოუსმენია „საუნჯელების“ მსგავსი ჯანსაღი და უნიკალური ხმები. მან მადლობა გადაუხადა ანსამბლის ხელმძღვანელ დალი მაღრაძეს, ლოტბარ მაია მაღრაძეს, ქორეოგრაფ რომან ბუაჩიძეს, ანსამბლის წევრებს, მათ მშობლებს და ყველა იმ ადამიანს,  რომლებიც ამ ოცი წლის მანძილზე „საუნჯეს“ გვერდით იდგნენ.

ხარაგაულის კინოთეატრის სცენაზე დღეს „საუნჯეს“ ხელმძღვანელმა დალი მაღრაძემ განვლილი ოცი წელი მიმოიხილა – არაერთი წარმატებისა და სიხარულის მომტანი, ასევე ბევრი სირთულის დაძლევის წლები.

„საამაყო და სასიხარულოა, რომ ხარაგაულის მდიდარი ფოლკლორული ტრადიციები ასე საინტერესოდ და ნაყოფიერად გრძელდება – აღნიშნა „საუნჯეს“ საიუბილეო კონცერტის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ.

„საუნჯეს“ იუბილე მიულოცა და სალოტბარო სკოლის ამოქმედებისთვის მხარდაჭერას დაჰპირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი.