ხარაგაულის საფეხბურთო კლუბში – „ჩხერიმელა 2009“ – მიმდინარე სპორტული და ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე.

კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორია კლუბის სამომავლო ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ხარაგაულში ფეხბურთი, რა შედეგს ველოდებით და რა ფინანსური რესურსებით.

დავით კიკნაძე დაინტერესდა, როდის გასცემს გუნდის ადმინისტრაცია მოგებული თამაშებისთვის დაპირებულ პრემიებს ფეხბურთელებზე.

საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა 2009“ 2016 წლიდან ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ფინანსდება. პირველ ლიგაში ყოფნისას (2016-2017 წლები) გუნდი წლიურად 300 ათას ლარამდე თანხით ფინანსდებოდა. წელს გუნდი რეგიონულ ლიგაშია და მისი დაფინანსება 50 ათას ლარამდე შემცირდა. ამ თანხიდან ფინანსდება მხოლოდ მწვრთნელების, გუნდის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა ხელფასები და სხვადასხვა ხარჯები. ფეხბურთელებზე გათვალისწინებულია მხოლოდ პრემია 850 ლარის ოდენობით.

2018 წლის აპრილიდან საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა 2009“ სპორტისა და შიდა ტურიზმის განვითარების ააიპ-ში გაერთიანდა და მას გრიგოლ (გია) ჭიპაშვილი ხელმძღვანელობს.

„გუნდში ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა, – ამბობს გრიგოლ ჭიპაშვილი, – საპრემიო დავალიანების (2 100 ლარი) გაცემაზე თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ვზრუნავ. გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელი გადავიდა ზუგდიდის საფეხბურთო კლუბში. ამისთვის ჩვენს გუნდს 3 ათასი ლარი უნდა გადაგვიხადონ. წერილობით მოვითხოვეთ თანხა ფედერაციიდან და ზუგდიდის გუნდიდან. მოგვწერეს, რომ ეს თანხა 5 ივლისამდე ჩაგვერიცხება. ამ თანხით ფეხბურთელებზე პრემია გაიცემა.“

გრიგოლ ჭიპაშვილმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაატა ლურსმანაშვილმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ გასულ წლებში, სოლიდური დაფინანსების, მაღალანაზღაურებადი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მოწვევის პირობებში, გუნდის შედეგები გაუარესდა.

„რატომ არ ვარკვევთ, ვინ არის დამნაშავე და რატომ არავინაა პასუხისმგებელი, – კითხულობს დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე, – თუ მდგომარეობა უარესდებოდა, რატომ არ მიიღო შესაბამისი ზომები მერიამ და რატომ არ მოვითხოვეთ ჩვენ, საკრებულომ, ამ ფაქტებზე დროული რეაგირება?“

„გვინდა, რომ ხარაგაულს საფეხბურთო გუნდი ჰყავდეს და ფეხბურთი განვითარდეს, – ამბობს პაატა ლურსმანაშვილი, – გუნდი შევინარჩუნეთ და სკოლის მოსწავლეებიც ჩავრთეთ. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, გუნდს დააჯარიმებდნენ და რეგიონული ლიგიდანაც გაგვირცხავდნენ. ახლა ვცდილობთ შედეგების გაუმჯობესებას და ვითხოვთ საკრებულოს მხარდაჭერას, რადგან 50 ათასი ლარი საფეხბურთო გუნდის დასაფინანსებლად არასაკმარისია.“

სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილისა და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრთა სურვილია, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ხარაგაულში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასა და სოფლებში ფეხბურთით დაინტერესებული ახალგაზრდების მოძიებას.

საფეხბურთო კლუბის – „ჩხერიმელა 2009“ შესახებ დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.