ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლიდან იწყებს. ფონდი საქართველოს მასშტაბით 91 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს.

დასავლეთ საქართველოში სრული რებილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას, ხოლო სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15 200 მოსწავლისათვის. რისთვისაც გამოყოფილია 15 მილიონი აშშ დოლარი. სამუშაოების ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ასევე ხელს უწყობს დასაქმების კომპონენტსაც. შესაბამისად, უკვე შეიქმნება 1 500-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

ვანის სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბედ რუდი, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე და სხვა საპატიო სტუმრები.

„15 ივნისიდან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი იწყებს დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაცის, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებლი შტატების  მთავრობა. საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მოიცავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ყველა კომპონენტის გათვალისწინებით და სკოლების სრულ რეაბილიტაციას, რის შემდეგაც  დასავლეთ საქართველოში გვექნება ევროპული დონის საჯარო სკოლები. პროექტის საერთო ბიუჯეტი გახლავთ 54 მილიონი აშშ დოლარი. დასავლეთ საქართველოს სკოლების რებილიტაციაზე კი დაიხარჯება 15 მილიონი აშშ დოლარი,“ – განაცხადა  მაგდა მაღრაძემ.

დღემდე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 44 საჯარო სკოლას მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში. მიმდინარეობს 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში.

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი დღეისათვის საქართველოს განათლების სფეროში ჩადებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა.

წყარო