გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო, სადაც დამსწრეებს სიტყვით მიმართა.

ლევან დავითაშვილმა  ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა და კავკასიის ბუნების ფონდს 10 წლის იუბილე მიულოცა.

„კავკასიის ბუნების ფონდი არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქმიანობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის სხვა რესპუბლიკებშიც. მინდა მივულოცო 10 წლისთავი, რადგან ამ 10 წლის განმავლობაში ძალიან დიდი საქმეა გაკეთებული დაცული ტერიტორიების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„10 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ პირველი პარკის მხარდაჭერა საქართველოში, ეს იყო ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი. 2008 წლის ომის შემდგომ მათთვის ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა და ავტომობილები შევიძინეთ. მას შემდეგ 10 წელი გავიდა – ჩვენ გავზარდეთ ჩვენი დახმარება და უკვე 10 ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან დაცულ ტერიტორიას ვეხმარებით საქართველოში.“ – განაცხადა კავკასიის ბუნების ფონდის საბჭოს თავმჯდომარემ დევიდ მორისონმა.

კავკასიის ბუნების ფონდი საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში დაარსდა და იგი ერთგვარ ხიდს წარმოადგენს ბიზნეს-სექტორსა და სააგენტოს შორის. ფონდს არაერთი კორპორატიული დონორი და ინდივიდუალური შემომწირველი ჰყავს.

კავკასიის ბუნების ფონდი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ჯამში, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის 10 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი