არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი“ ახორციელებს პროექტს „ბავშვთა ადრეული განვითარება რეგიონებში.“

პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის ჯგუფი (ფსიქოლოგი, მკურნალი პედაგოგი, სენსომოტორიკის თერაპევტი, ლოგოპედი, ექიმი და ფიზიო თერაპევტი – მასაჟისტი) რეგიონებში სპეციალური საჭიროების მქონე სკოლამდელი ასაკის ბავშვებს იკვლევენ.

დღეს, 2 ივნისს, „თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის“ ჯგუფმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) საბავშვო ბაღების სპეციალური საჭიროების მქონე თერთმეტი აღსაზრდელი გამოიკვლია.

„სკოლამდელი ასაკის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათთან მუშაობის სწორი გზა მივცეთ აღმზრდელებს, სპეცმასწავლებლებსა და მშობლებს, – ამბობს „თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის“ ხელმძღვანელი მარინე შუსტაკი, – აბილიტაცია და რეაბილიტაცია მუდმივი პროცესია და ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყვნენ მშობლები და აღმზრდელები.

ჩვენი მიზანია, გამოვიკვლიოთ ბავშვები და დავადგინოთ, რა სახის თერაპია სჭირდება თითოეულ მათგანს, რა ტიპის ინდივიდუალური პროგრამა.“

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სასწავლო პროგრამების კოორდინატორი თამარ ავალიშვილი სპეციალისტებისგან აღსაზრდელთა გამოკვლევას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

„უახლოეს ხანში ველოდებით გამოკვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებს, როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ ბავშვებთან, – ამბობს თამარ ავალიშვილი, – ეს სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელთა განვითარებისთვის უმთავრესია. მადლობას ვუხდით „თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრს“ დახმარებისთვის.“