ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაბიჯი ხარაგაული“ (დირექტორი რუსუდან გურგენიძე) პროექტის „ჩვენ აქ ვართ“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელი დირეტორი, ექსპერტი მადონა ხარებავა უძღვებოდა. მან ინკლუზიური განათლების საკითხებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემების მოგვარების საკითხებში თვითმმართველობის როლთან ერთად, სპეცპედაგოგების უფლება-მოვალეობებზე ისაუბრა.

„სპეცმასწავლებლები ხშირად ცუდ დღეში არიან, – ამბობს მადონა ხარებავა, – საგნის ზოგიერთ მასწავლებელს ჰგონია, რომ სპეცმასწავლებელმა უნდა აიღოს ნებისმიერი ვალდებულება და ეუბნებიან ხოლმე, – წაიყვანე შენი ბავშვი, თავი მომაბეზრა, მაინც არაფერს აკეთებს და ა.შ. სპეცმასწავლებლის მოვალეობაა, რომ თუ ბავშვი ემოციურია, არ შეუძლია ფიზიკური შეზღუდვის გამო დიდხანს დაჯდეს გაკვეთილზე, უნდა გაიყვანოს, დაასვენოს, გარემო შეუქმნას. სპეცმასწავლებელთან ერთად უნდა დაიწეროს ინდივიდუალური გეგმა, რომლის შედგენაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს მშობელი.

სპეცმასწავლებლებისთვის მხოლოდ ოთახის გამოყოფა არ არის საკმარისი. რესურსოთახში უნდა იყოს თვალსაჩინოება, ტექნიკა, სხვადასხვა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. თუ ექვსი ბავშვი ჰყავს ერთ სპეცმასწავლებელს, საკმაოდ რთულია ყველას პირობების გათვალისწინება. არ არის თანამშრომლობა საგნობრივ მასწავლებლებსა და სპეცმასწავლებლებს შორის. სპეცმასწავლებელი თავიდან ჩვეულებრივ მასწავლებლად არ აღიარეს. 2017 წლიდან რეგულაციები შეიცვალა და ალბათ მათი ხელფასების გაზრდაზეც იფიქრებენ“, – ამბობს ქალბატონი მადონა ხარებავა.

რისი გაუმჯობესება და დახვეწა სურთ საქმიანობაში, რამდენად აღწევენ შედეგს მოსწავლეებთან, როგორ შეიძლება დაეხმაროს თვითმმართველობა სპეციალური საჭიროების მქონე პირებსა და მათ ოჯახებს, – ამაზე ხარაგაულის სკოლების სპეცმასწავლებლებსა და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სასწავლო პროგრამების მენეჯერს ვესაუბრეთ.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი მზია კვინიკაძე ამბობს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან გაკვეთილებზეც შედიან, როცა მათ დახმარება სჭირდებათ.

„ინდივიდუალური გეგმები თითოეული მოსწავლის საჭიროებაზეა მორგებული, – ამბობს მზია მასწავლებელი, – მეტი შედეგი რომ მივიღოთ, მოსწავლეს რესურსოთახში უფრო მეტი დროის გატარების უფლება უნდა ჰქონდეს, ვიდრე ახლა აქვს. ბავშვებს აქ მოუხარიათ, აქ მეტს გებულობენ ჩვენი დახმარებით.

კლასში გაკვეთილი თავისი რეჟიმით მიმდინარეობს. აქ კი უფრო ლაღები არიან. როგორც კი დაღლას შევატყობთ, სხვა თემაზე გადავდივართ. არაერთხელ უთქვამთ რესურსოთახში შემოსულ ბავშვებს, მასწავლებელო, აქ რა სიმშვიდეაო. მათ ძალიან სჭირდებათ თანატოლებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სითბოსა და სიყვარულის გაზიარება. წერა-კითხვას და წაკითხულის გააზრებას თვალსაჩინოებებითაც ვასწავლით.“

მზია კვინიკაძე ამბობს, რომ თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვთა სწავლების ხელშესაწყობად მათი მშობლების ჩართულობა გაიზრდება, გაცილებით უკეთეს შედეგებს მივიღებთ.

„სამწუხაროდ, დღეს მშობლებს დრო არ აქვთ, რომ შვილებს გვერდით მიუსხდნენ და ამეცადინონ, – ამბობს მზია კვინიკაძე, – ჩვენთან, რესურსოთახში მოსწავლე დღეში 15 წუთს ატარებს. კარგია, რომ განათლების სამინისტრომ დაგვატრენინგა. ჩვენ რაც შეგვიძლია, მზრუნველობას არ ვაკლებთ მოსწავლეებს, მაგრამ მშობლის თანადგომა აუცილებელია. ზოგჯერ მშობელს უჭირს შვილის მდგომარეობის გათავისება. შენ შვილს რაც შეუძლია, ხელი უნდა შეუწყო იმ მიმართულებით განვითარებას, თუ გინდა, რომ მან ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში.“

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვთა აკადემიური უნარების გასაუმჯობესებლად სპეცპედაგოგი მარინე ვეფხვაძე ხელსაქმის სწავლებას ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი მარინე ვეფხვაძე, მუშაობის ორწლიანი გამოცდილებით ამბობს, რომ მოსწავლეები თვალსაჩინოებებით უფრო მეტად ითვისებენ სასწავლო პროგრამას. ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე რვა მოსწავლესთან მარტო მუშაობს.

„საგნის მასწავლებლებთან თანამშრომლობითა და მშობელთა ჩართულობით იმას მივაღწიეთ, რომ მეექვსე კლასელმა გამრავლების ტაბულა აითვისა, – ამბობს მარინე მასწავლებელი, – ახლა ითხოვს, რომ რუსული და ინგლისური სიტყვები ვასწავლო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წაკითხულის შინაარსს იგებს. გაუუმჯობესდა მოტორიკა. ეს მნიშვნელოვანი პროგრესია. დიდი და რთული სამუშაოა, მაგრამ საკუთარივით უნდა გაითავისო სხვისი პრობლემა, უნდა გიყვარდეს მოსწავლე, მუდმივად სიახლეებს ეძებდე და ყველაფერი გამოგივა.“

მარინე ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობამ ხელი უნდა შეუწყოს იმ ოჯახებს, სადაც სპეციალური საჭიროებისა და შშმ ბავშვები იზრდებიან.

„ოჯახებს ელემენტარული პირობები არ აქვთ საიმისოდ, რომ შვილები სამედიცინო შემოწმებაზე წაიყვანონ, სრულფასოვნად კვებონ ან სპეციალური ვიტამინები შეუძინონ. სრულფასოვანი კვება მეხსიერებასა და იმუნიტეტზე დადებითად მოქმედებს. ამიტომ ფინანსური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლაში წერა-კითხვისა და ელემენტარული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების შემდეგ დგება პრობლემა – რას გააკეთებენ ეს ადამიანები ცხოვრებაში?! ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში შშმ ახალგაზრდებმა მაკრამეს წრეზე არაჩვეულებრივად შეისწავლეს ხელსაქმე – ქსოვენ, წნავენ და კერავენ. მათ შეუძლიათ ამ კუთხით დასაქმდნენ. კომუნიკაბელური და მშვიდები არიან. ვინ და როგორ ზრუნავს იმისთვის, თუ რას გააკეთებენ ისინი სკოლის დამთავრების შემდეგ? როგორ იცხოვრებენ? ვფიქრობ, ამაზეც უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ – სახელობო სასწავლებლები უნდა შეიქმნას მათთვის ხელმისაწვდომ ადგილზე. ხელობას რომ დაეუფლებიან, საკუთარი შრომით ლუკმა-პურს იშოვნიან.“

სპეცმასწავლებლებს არ აქვთ ცალკე პროგრამა, რომლის მიხედვითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან იმუშავებენ. ბაზალეთის საჯარო სკოლის სპეცპედაგოგი ნათელა ვეფხვაძე აუცილებლად მიიჩნევს ასეთი პროგრამის შემუშავებას. კოლეგების მსგავსად ისიც ინდივიდუალურ გეგმებს ადგენს. „როცა მოსწავლეს უჭირს მეტყველება, აღქმა, ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულმა პროგრამებმა უნდა გვიჩვენოს, როგორ ვიმუშაოთ მოსწავლესთან აკადემიური და მოტორული უნარების განსავითარებლად,“ – ამბობს ნათელა მასწავლებელი და განათლების სამინისტროსგან პროგრამის მოლოდინშია.

საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის სპეცმასწავლებელი

მარინე ტაბატაძე ტრენინგებში ვერ ერთვება და სამინისტროსგან დაგეგმილ სიახლეებს კოლეგები უზიარებენ. საკლასო ოთახში, სადაც ის მოსწავლესთან მუშაობს, არავითარი თვალსაჩინოება არ არის.

„მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) მხარდაჭერით ვმუშაობ სპეცმასწავლებლად, – ამბობს მარინე ტაბატაძე, – გიმნაზიის ავტორიზაციისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო სპეცმასწავლებელი სკოლაში. ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის სპეცპედაგოგ მარინე ვეფხვაძის კონსულტაციითა და რჩევებით შევადგინე სამუშაო გეგმა, რომელიც მომიწონეს. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მინდა მივმართო, რომ იქნებ სპეცპედაგოგთა ტრენინგებში ჩამრთონ.

მოსწავლესთვის, რომელიც ახლა მეოთხე კლასს ამთავრებს, დამრიგებელთან ერთად მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შევიმუშავე. როცა ვატყობთ, რომ გეგმა არ ამართლებს, ვცვლით ბავშვის საჭიროებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მეცადინეობა ზოგჯერ მალე ღლის. უფრო მოსწონს გაფერადება, ძერწვა, ხატვა.“

„ყველაფერი უნდა დავიწყოთ იქედან, რომ ბავშვთა უფლებათა კონვენციის მიხედვით ნებისმიერ ბავშვს აქვს სწავლისა და განათლების მიღების უფლება, მიუხედავად მისი სოციალური, ინტელექტუალური, ფიზიკური თუ ემოციური მდგომარეობისა, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სასწავლო პროგრამების მენეჯერი თამარ ავალიშვილი, – საერთოდ, ინკლუზიური განათლების ღირებულება არის ბავშვთა სოციალური ინტეგრაცია, მათი განსხვავებულობის აღიარება და პატივისცემა. ამიტომ ამ ყველაფერს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სწორედ სკოლამდელ ასაკში.

მშობელთა ცნობიერებაც, გასულ წლებთან შედარებით, ამაღლდა, აღარ მალავენ შვილებს. სპეცპედაგოგების დანიშვნა საბავშვო ბაღებში მისასალმებელია. ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში ახლახან დაგვემატა სპეცპედაგოგი. მან მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები შეიმუშავა. საბავშვო ბაღში მულტიდისციპლინური გუნდი, – სპეცპედაგოგის, საბავშვო ბაღის გამგის, ექთნის, ლოგოპედისა და ფსიქოლოგის შემადგენლობით, – მუშაობს სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელებთან. მუნიციპალიტეტის სამი სოფლის საბავშვო ბაღში გვყავს აღსაზრდელები, რომელთათვისაც ინდივიდუალური გეგმებია შედგენილი. მუდმივად ვაწარმოებთ მონიტორინგს.

თამარ ავალიშვილი მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაბიჯი ხარაგაული“ პროექტს – „ჩვენ აქ ვართ,“ რომელიც შშმ ბავშვთა საჭიროებების კვლევას და საზოგადოებაში მათ სოციალიზაციას ისახავს მიზნად.

„მშობელთა ცნობირება უნდა ამაღლდეს და საზოგადოების დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, – ამბობს თამარ ავალიშვილი, – რაც შეეხება ადგილობრივი ხელისუფლებისგან ხელშეწყობას, საბავშვო ბაღებისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ადაპტირებული ფიზიკური გარემო გვქონდეს. აღსაზრდელს ყველაფერზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს. ადრეული განვითარების სტანდარტებში საუბარია უნივერსალურ დიზაინზე.

შშმ ბავშვებისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა ოჯახებს ფინანსური დახმარება სჭირდებათ. პრობლემაა თავიდან ის, რომ მშობელმა გაითავისოს შვილისთვის სტატუსის მინიჭება – დიაგნოზის დადგენა, რაც აუცილებელია ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შემუშავებისთვის. შემდეგ კი ბავშვს სამედიცინო ფორმა #100 და #50 ესაჭიროება. ეს თანხებთან არის დაკავშირებული და კარგი იქნება, თუ ამ კუთხით ოჯახებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიეხმარებიან.“

ნინო კაპანაძე