ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაბიჯი ხარაგაული“ (დირექტორი რუსუდან გურგენიძე) პროექტის „ჩვენ აქ ვართ“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელი დირეტორი, ექსპერტი მადონა ხარებავა უძღვებოდა. მან ინკლუზიური განათლების საკითხებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემების მოგვარების საკითხებში თვითმმართველობის როლზე ისაუბრა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საჯარო სკოლების სპეცმასწავლებლები, მშობლები, საბავშვო ბაღის სპეციალისტები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ზესტაფონში მოქმედი დღის ცენტრის „ორიონი“ დირექტორი, მასწავლებლები, მშობლები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია დეა 1998 წელს დაფუძნდა ზუგდიდში ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია ოქსფამის მხარდაჭერით. ა/ო დეამ 50-ზე მეტი პროექტი განახორციელა ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებებით. ამ ორგანიზაციამ შეიმუშავა შესაძლებლობათა შეზღუდვის სფეროში ომბუდსმენის კონცეფცია, გამოსცა ქართული სახელმძღვანელო ინკლუზიური სწავლების სფეროში „გზა ინკლუზიისაკენ“, ევროპელი მეცნიერების ნაშრომთა და ქართველ ავტორთა კრებულები („განათლება – განსხვავებული საჭიროებების მქონე პირთა განათლება“, „განათლება და დასაქმება – გზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციისაკენ“), შეიმუშავა ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის გზამკვლევი მასწავლებლებისა და სასკოლო ადმინისტრაციებისათვის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დეა“, ოცი წელია, მუშაობს როგორც რეგიონულ, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

-დღეს მსოფლიოში 750 მილიონზე მეტ ადამიანს სხვადასხვა შესაძლებლობების შეზღუდვა გააჩნია, – აღნიშნა შეხვედრაზე ქალბატონმა მადონა ხარებავამ, – ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 2 მილიარდზე მეტ ადამიანს, მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს, ამ საკითხთან შეხება აქვს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყველაზე მრავალრიცხოვანია, უმცირესობათა ჯგუფებიდან. თუმცა ხშირად მათი ინტერესები და საჭიროებები უგულვებელყოფილია. მსოფლიოს უღატაკესი ადამიანებიდან 70% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირია.

განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები შშმ ბავშვების 98% სკოლაში არ დადის. საქართველოში ასეთი 40%-მდეა. ჩვენ დღეს გვაქვს მონაცემები საქართველოში, რამდენი დადის, მაგრამ არ ვიცით, რამდენია „უხილავი“ ბავშვი, რომელიც ვერ ახერხებს და რომელსაც ვერ ხედავს ჩვენი განათლების სისტემა.

მსოფლიოს უსახლკარო ბავშვთა 30% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ზრდასრულ შშმ პირებში წერა-კითხვის ცოდნის დონე 3%-ს არ აღემატება; ქალების შემთხვევაში ეს 1%-ია. საქართველოში არათუ ასეთი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, ისიც კი არ ვიცით, რეალურად რამდენია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ერთადერთია საპენსიო ფონდის მონაცემი, რომლის მიხედვითაც, შესაძლებლობათა შეზღუდვის გამო 140 ათასამდე ადამიანი ღებულობს პენსიას.

იმის გამო, რომ საქართველოში ერთადერთი სოციალური სერვისი არის პენსია და არანაირი სხვა სოციალური მომსახურება არ არსებობს, ძალიან ბევრი საპენსიო ასაკის შშმ პირი ასაკით ღებულობს პენსიას, რადგან იყო პერიოდი, როდესაც მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის (I ჯგუფი) ადამიანები იღებდნენ უფრო ნაკლებს, ვიდრე იყო საერთო პენსია.

დღესაც არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, „ინვალიდის შვილის“ ყოლის სირცხვილი. ეს სტერეოტიპი დღემდე არაა მოხსნილი. ამიტომ იმ ბავშვების 45%,  რომლებსაც სახელმწიფოსგან ესა თუ ის მომსახურება და მათ შორის პენსია ეკუთვნის, არ იღებს მათ. ასეთია გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მონაცემი.

შესაძლებლობათა შეზღუდვის გამო პენსიის მიმღები 140 ათასი ადამიანი ჩვენი მოსახლეობის 3-4%-ია. ამერიკის შეერთებულ შტატებში თვლიან, რომ მათი მოსახლეობის 15-20%-ს აქვს ამა თუ იმ სახის შეზღუდვა. წარმოიდგინეთ, ჩვენ „როგორი კარგები ვართ“, რომ მხოლოდ 3%-ს აქვს ესა თუ ის შეზღუდვა.

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები და თავისთავად ცხადია, სახელმწიფოს არ აქვს გათვლილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები. ჩვენ ყველას გვაქვს უფლება, გვქონდეს საკუთარი ჭერი; ყველას გვაქვს უფლება, სხვების თანაბრად მოგვეწოდოს ესა თუ ის სერვისი.

შეხვედრაზე ქალბატონმა მადონა ხარებავამ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ზოგადი პრობლემები მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის.

„უხილავობა“, სტიგმა – საზოგადოების დამოკიდებულება, სიღატაკე, ხარისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა, ბულინგი (შშმ პირების მიმართ უფრო მეტად არსებობს), უმუშევრობა, არამისადაგებული სოციალური, ფიზიკური და საინფორმაციო გარემო – ეს პრობლემები, მეტნაკლებად, თითქმის ყველა ქვეყანაშია.

ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ფიზიკურ გარემოზე და მის ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებული როლი თვითმმართველობას ეკუთვნის. არ უნდა ვფიქრობდეთ მხოლოდ ეტლით მოსარგებლეებზე, არამედ უნდა ვიფიქროთ ყრუ და სმენადაქვეითებულებზე, ინტელექტუალური შეზღუდვის, მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებზე.

გარემოს ხელმისაწვდომობაზე როცა ვსაუბრობთ, პანდუსი პანაცეა არ არის. პანდუსი ერთერთი ეტაპია იმისთვის, რომ შენობაში შევიდე, მაგრამ იქ შესვლამდე გზა უნდა იყოს მოწყობილი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე ადაპტირებული ტრანსპორტი უნდა არსებობდეს, ხმამაღლა მოლაპარაკე შუქნიშანი და თეთრი ბილიკი უსინათლოებისთვის…

ტერნიმი „ინკლუზია“ ინგლისური სიტყვაა და „ჩართულობას“ ნიშნავს. ზოგიერთი მასწავლებელი ამბობს, რომ „ინკლუზური ბავშვი არ ჰყავს“. რას ნიშნავს, ინკლუზიური ბავშვი არ მყავს? გამოდის, რომ შენ კლასში არ გყავს ჩართული ბავშვი? ე. ი. საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ ბავშვს ვერ რთავ საგაკვეთილო პროცესში?

როდესაც საუბარია ინკლუზიაზე, – ეს არ არის მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ჩართულობა. ქვეყნებმა სხვადასხვა ტერმინები გამოიყენეს. საქართველომ გამოიყენა ტერმინი – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვიც იგულისხმება.

სპეციალური სასწავლო საჭიროების ჩამონათვალში შედის შემდეგი კატეგორიები:

  • ქცევითი;
  • აუტიზმი;
  • ყრუ და სმენადაქვეითებული;
  • მეტყველების დარღვევები;
  • ზეპირი მეტყველების დარღვევები;
  • სწავლის დარღვევები;
  • ნიჭიერება;
  • მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენა;
  • განვითარების დარღვევები;
  • ფიზიკური შეზღუდვის შესაძლებლობა;
  • უსინათლო ან მხედველობა დარღვეული.

ყველა ბავშვს აქვს განსხვავებული შესაძლებლობა. არ არსებობს კლასში ორი ე. წ. სტანდარტული ბავშვი, ერთმანეთისგან რომ არ განსხვავდებოდნენ.

თავისთავად ცხადია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, შესაძლებელია, რაღაცით, თავისი ინდივიდუალური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, განსხვავდებოდეს მეორე ბავშვისგან. ყველა ადამიანს აქვს გარკვეული შეზღუდვა. განა ყველამ ვიცით რამდენიმე ენა, ყველა ვცურავთ არაჩვეულებრივად, ყველას შეგვიძლია სიმღერა?

დღეს უკვე ინკლუზია ფილოსოფიური მიდგომა, იდეაა.

შეუძლებელია, რომ საბოლოოდ მოხდეს ყველა ბავშვის ერთიან საგანმანათლებლო სისტემაში სწავლება. ეს არ არის მარტივი პროცესი. კლასში ძალიან რთულია, მასწავლებელმა ყველას თანაბრად გადაუნაწილოს ყურადღება და თითოეული ინდივიდის საჭიროებებზე იფიქროს. კლასის მართვა, მენეჯმენტი, საკმაოდ რთული პროცესია.

არსებობს სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების გეგმა, სადაც პირველი სიტყვაა ინკლუზიური. ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება ნიშნავს, რომ ცალკე ჩემთვის კი არ უნდა გააკეთო რაღაცა საერთოს რომ აკეთებ, იმ გლობალურში გაითვალისწინე ის განსხვავებული საჭიროებები, რაც მე გამაჩნია. ასე არ ვიქნებით გარიყულები და ეს სოციალური ინტეგრაციასაც უწყობს ხელს. ამ ვარიანტისკენ მიდის უკვე მსოფლიო.

ძალიან ბევრს რცხვენია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი ჰყავს და გარეთ არ გამოჰყავს. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ მოვიდა ბებია სამი წლის ბავშვით, რომელსაც კაშნეთი ჰქონდა სახე ახვეული. ამ საყვარელ ბავშვს კურდღლის ტუჩი აღმოაჩნდა, მშობელი საკუთარი სიამაყისა და ბავშვებისგან დაცინვის შიშით შვილს საკუთარი ეზოს გარეთ არ უშვებდა. ამ ბიჭუნას ოპერაცია გაუკეთდა და დღეს ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა სკოლას ამთავრებს. წარმოიდგინეთ, იმ ბავშვს თავის დროზე ოპერაცია რომ არ გაკეთებოდა, ვინ და რა იქნებოდა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორია მშობლის ხედვა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მშობელი, მაგრამ არ უნდა იფიქრო შშმ შვილზე, როგორც ადამიანზე, რომლისთვისაც უნდა იზრუნო მხოლოდ ჯანმრთელობის მიმართულებით. მას უნდა განუვითარო ის უნარები, რაც შემდგომში დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.

მშობელმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი არ უნდა გადააბაროს სხვა შვილებს – და-ძმებს. უნდა ვიფიქროთ იმისთვის, რომ მან მაქსიმალური გააკეთოს და დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლოს. ამისთვის უნდა მოვემზადოთ და ამ მხრივ უნდა დავეხმაროთ. ეს არ ნიშნავს, რომ რეაბილიტაცია არ სჭირდება, ამის პარალელურად კეთდება ყველაფერი.

რეაბილიტაცია ყველა ადამიანს სჭირდება. რა, მარტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მიმართავენ ექიმებს? როცა პრობლემები გვაქვს, თითოეული ჩვენთაგანი მივდივართ და ვღებულობთ სამედიცინო მომსახურებას. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვისწავლოთ, არ უნდა დავსაქმდეთ და ა. შ.

მსოფლიოში დაუნის სინდრომის უკვე ორი ადამიანია, რომელმაც უნივერსიტეტი დაამთავრა.

ისრაელის არმიაში 70% მსუბუქი აუტისტური სპექტრის მქონეა. ისინი ქმნიან თავდაცვის სისტემას. ბილ გეიტსის თანამშრომლების 95% ასევე მსუბუქი აუტისტური სპექტრის მქონე პირები არიან.

მარკ ცუკერბერგს ფეისბუქის თანამშრომლებად ასევე ძალიან ბევრი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანი ჰყავს იმიტომ, რომ მათ აქვთ არაჩვეულებრივი მეხსიერება, ოღონდ ერთი მიმართულებით ვითარდებიან.

ახლახან გარდაიცვალა მსოფლიოში ერთ-ერთი უცნობილესი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი, რომელსაც ტექნოლოგიების გარეშე თავისი ნააზრევის გადატანაც კი არ შეეძლო.

მე მინახავს ავსტრიაში პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც სამი დამხმარე ჰყავს, მუშაობა და საუბარი რომ შეძლოს, მაგრამ ეს არის უჭკვიანესი კაცი, რომელიც ავსტრიის პროგრამებს წერს.

შვედეთის მთავრობას, წლების განმავლობაში, უსინათლო სოციალური მინისტრი ჰყავდა. მათ ადვილად კი არ მოუპოვებიათ ეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა იბრძოლეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო და ბიძგი მისცა იმანაც, რომ იმ პერიოდში იმ ქვეყნებში იყო ადამიანი, რომელსაც ღრმად ესმოდა ეს საკითხები და მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი რამ გააკეთა.

ამერიკაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხის წამოწევას ხელი შეუწყო ვიეტნამის ომმა და ვეტერანებმა. ამავე დროს, როცა კენედი მოვიდა პრეზიდენტად, კენედის დას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემა, კენედის ძმისშვილს – ფიზიკური შეზღუდვა. ამან დიდად განაპირობა ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოძრაობა ძალიან გაფართოვდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ამერიკის პრეზიდენტებს კლინტონსა და ობამას შესაძლებლობათა შეზღუდვის განვითარებაში მრჩეველი ჰყავდა ქალბატონი ჯუდი ჰიუმენი, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. ამ ქალბატონმა უფლებების დასაცავად მოძრაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც სკოლაში მასწავლებლად მუშაობისას უთხრეს, რომ უსაფრთხოების დაცვის საჭიროების დროს შენობიდან ბავშვების გაყვანას ვერ მოახერხებდა. მან უჩივლა სასამართლოში დირექციას და მოიგო.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სხვადასხვა ხედვაა ევროპასა და ამერიკაში. ევროპაში არის ჰუმანიზმი პლუს უფლება და ხშირად ჰუმანიზმი უფრო წინაა წამოწეული, ვიდრე უფლება.

ამერიკაში – ნურას უკაცრავად! ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინგლისშიც სამართალი გეუბნება – არა დისკრიმინაციას! შშმ პირთა მიმართ მიდგომა იქ ჰუმანიზმზე არ არის აგებული.

შევნიშნე დისკრიმინაციის მომენტი? მორჩა, გიჩივლებ და შენ დაჯარიმდები და იცით, რამხელაა ჯარიმა?! მაგალითად, ამერიკაში ძალიან მაღალია – 50 ათას დოლარამდეა. საფრანგეთში თუ უხეში, სიძულვილის ენით მომართვა დავამტკიცე, 80 ათასი ევროთი დაჯარიმდება.

საზოგადოების დამოკიდებულება განსხვავებულია ჩვენს საზოგადოებასა და დასავლურ საზოგადოებას შორის. ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ანიკას“ ხელმძღვანელმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მშობლებთან ერთად ექსკურსიაზე წაიყვანა ზედაზენში. მცხეთაში რესტორანში შევიდნენ. მენეჯერმა უთხრა, – გაიყვანე ბავშვები; მე ჩემს კლიენტებს არ შევურაცხვყოფ და არ  ვაყურებინებ ასეთი ბავშვებისთვისო. აიძულა, რომ რესტორნიდან გასულიყვნენ.

და რა მოხდა შემდეგ? არასამთავრობოებმა, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პოზიციები გამოვხატეთ. სახალხო დამცველის ყურამდეც მივიდა. თუმცა ეს ამბავი ჩაიფარცხა იმიტომ, რომ იმ რესტორნის დირექტორი მაღალჩინოსნის ნათესავი ყოფილა.

რა მოხდებოდა საზღვარგარეთ? იქაც არის ნათესაობა და არავინ თქვას, რომ ყველაფერი გადასარევადაა, მაგრამ საზოგადოების დამოკიდებულება იქნებოდა საოცარი. არც ერთი კლიენტი აღარ შევიდოდა იმ რესტორანში და მეპატრონე იძულებული გახდებოდა, დაეხურა. დამოკიდებულებაში ასეთი განსხვავებაა ჩვენსა და მათ საზოგადოებას შორის.

ამერიკაში, ევროპაში ბავშვებს ბაღიდან, სკოლიდან ასწავლიან და იციან, რომ დისკრიმინაცია დასჯადია, ამიტომ თითოეული ყველაფერს აკეთებს არა მხოლოდ შენი ინტერესებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ფული არ გადაიხადოს. იმდენი კარგი ფილმი გადაიღო ჰოლივუდმა, რომ ამერიკაში საზოგადოების მიდგომა შეცვალა. მედიამ შეუწყო ხელი დამოკიდებულების გაჯანსაღებას.

საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაც, თანდათან, თუმცა უკეთესობისკენ იცვლება.

ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი. სისტემა უნდა შევქმნათ, თორემ ერთჯერადი, წერტილოვანი რეფორმები ჩვენ შედეგს ვერ მოგვცემს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ერთად კი არ უნდა შეკრიბო და დაასაქმო, არამედ თითოეულს იმდენად უნდა განუვითარო უნარები, რომ დასაქმების ღია ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდეს.

ლაურა გოგოლაძე

სტატია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ნაბიჯი ხარაგაული“ და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

This publication has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of “nabiji kharagauli” and do not necessarily reflect the views of the European Union.