ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიას მუნიციპალური ააიპ-ების რეორგანიზაციის შედეგების შესახებ დეტალურ ინფორმაციას სთხოვს.
ეს საკითხი დღეს, 21 მაისს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განიხილეს. მუნიციპალური ააიპ-ების რეორგანიზაცია 5 მარტიდან მიმდინარეობს.
მერიის პასუხი, რომელიც დეპუტატებს ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა წაუკითხა, ასეთია:
„როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წელს ააიპ-ების ბიუჯეტი დაგეგმილი იყო მინიმალური ხარჯებით, სადაც 80-90% შეადგენდა სახელფასო ფონდს, რის გამოც, სხვა დანარჩენი ხარჯები იყო მინიმალური. რეორგანიზაციის შედეგად მოხდა ააიპ-ების ბიუჯეტის ერთმანეთთან შერწყმა და არსებული ხარჯების შეერთება მუხლობრივად. გაერთიანებული ააიპ-ების ახალდანიშნულ ხელმძღვანელებს მიეცათ ორთვიანი ვადა, რათა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ადმინისტრაციული ხარჯების, შტატებისა და სხვადასხვა ხარჯების ოპტიმიზაცია.“
დეპუტატები რეორგანიზაციის შედეგებზე მეტ კონკრეტიკას ითხოვენ.
„2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს მიერ შემუშავებული საბიუჯეტო შენიშვნები ააი-პებს ეხებოდა, – ამბობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი, – მერიამ მაშინ გვითხრა, რომ დროისა და ფინანსების სიმცირის გამო ჩვენს შენიშვნებს ეტაპობრივად გაითვალისწინებდნენ. დასრულდა პირველი კვარტალი და არც ერთი შენიშვნა არ დაკმაყოფილებულა, გარდა კეთილმოწყობისთვის ავტომანქანის შეძენისა.
პირველ კვარტალში შემოსავლები ყოველთვის ჭირს, ამიტომ ვერ გავითვალისწინეთ შენიშვნებიო, – გვპასუხობენ მერიიდან, – ახლა ვიგებთ, რომ რეორგანიზაციის დასრულებას კიდევ ორი თვე სჭირდება. ორ თვეში ივლისი დადგება, საარჩევნო პერიოდი გამოცხადდება და საბიუჯეტო ცვლილებებს ვეღარ განვახორციელებთ. მოვა ოქტომბერი – 2019 წლის ბიუჯეტის ფორმირების დრო. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გვეტყვის, თუ არ მოგწონთ ჩემი შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი, ახალი ააწყვეთო. ფშუტ, საკრებულოს შენიშვნები.
ჩვენ ვიტყვით, რომ ახალი ბიუჯეტი უნდა იყოს პროგრამული, მერია გვიპასუხებს, სხვაგან არსად არის პროგრამული და ჩვენთან როგორ იქნებაო. ასე უშედეგოდ ვისაუბრებთ და ვერაფერს შევცვლით. ამიტომ საჭიროა დროულად რეაგირება. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამაზე ყოველდღე უნდა მუშაობდეს და ინფორმაციას გვაწვდიდეს. თუ ჩვენი მხრიდან დახმარებაა საჭირო, ამისთვისაც მზად ვართ.“
რაც შეეხება მიმდინარე რეორგანიზაციას, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, თანხები კი არ დაიზოგა, არამედ შერწყმულ ააიპ-ებში შტატები და ხელფასები გაიზარდა.
„სპორტისა და ტურიზმის ააიპ-ის ხელმძღვანელის ხელფასი გახდა 1 200 ლარი. მას ახლა ჰყავს ორი მოადგილე და მათი ხელფასებია 1000-1000 ლარი, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – საქმე ძალიან ბევრი აქვთ, მაგრამ ფინანსურად, თანხების დაზოგვის კუთხით, რა მივიღეთ?! დღეს მიღებული შედეგი უნდა მაძლევდეს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, პროპორციულად თუ რა თანხა დაიზოგება.“
ვარლამ ჭიპაშვილი წინადადება დააყენა, რომ 4 ივნისის საკრებულოს სხდომაზე მერიამ დეპუტატებს წარუდგინოს ინფორმაცია, როგორ და რა ფორმით გააგრძელებენ საქმიანობას ის ააიპ-ები, რომლებსაც რეორგანიზაცია არ შეეხო – სათნოების სახლი და მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრი.
„მუნიციპალური ააიპ-ების რეორგანიზაციას მხარი იმიტომ დავუჭირე, რომ სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაცია გვქონდა შტატების ოპტიმიზაციის, მათი დასაბუთების, საბიუჯეტო თანხების რაციონალურად, გონივრულად განკარგვისა და მეტი ეფექტურობის მიღებისთვის.
მითუმეტეს, როცა არსებობს სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაცია, ასევე დეპუტატთა მოსაზრებები, რომ უპოვართა კვება და საინფორმაციო მომსახურება ტენდერით შევისყიდოთ, საბიუჯეტო თანხების დაზოგვისა და უკეთესი მომსახურების მიღების მიზნით. თუმცა, დღემდე მერიის მხრიდან კონკრეტული ქმედება ამ მიმართულებით არ ჩანს. საზოგადოებას ამ შეკითხვებზე პასუხები აინტერესებს.
რეორგანიზაციის პროცესში ააიპ-ების ხელმძღვანელებისგან მიღებული რომელი გადაწყვეტილებით გამოთავისუფლდა ააიპ-ებიდან საბიუჯეტო თანხა, გაგვარკვიეთ,“ – კითხულობს ვარლამ ჭიპაშვილი.
დეპუტატი დავით კიკნაძე მერიას რეორგანიზაციის დაწყებისას დადებულ შეთანხმებას ახსენებს.
„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ააი-პებში ტექნიკური პერსონალი არ შემცირებულიყო, – ამბობს დავით კიკნაძე, – თქვენ ეს გარანტია მოგვეცით. ლიტერატურული თეატრიდან დამლაგებელი და დარაჯი გათავისუფლდნენ. გამოდის, რომ ეს შეთანხმება არ შესრულდა. 1 200 ლარს თუ ინიშნავს ააიპ-ის ხელმძღვანელი ხელფასს, 1000 ლარი დაინიშნოს და 200 ლარი დამლაგებელს მისცეს.“
დეპუტატ ინგა მაღრაძისთვის ააიპ-ების რეორგანიზაციის შედეგად დაგეგმილი ფინანსური ეფექტი ბუნდოვანია. მისი თქმით, რეორგანიზაციის პროცესში უნდა ჩართულიყვნენ მერიის ის სამსახურები, რომლებიც ააიპ-ების საქმიანობის პოლიტიკას განსაზღვრავენ.
დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე იმ „უჩინარს“ ეძებს, ვინც საკრებულოს წერილობით აცნობა, რომ ააიპ-ების რეორგანიზაციის შედეგად 180 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე თანხა გამოთავისუფლდებოდა. „მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გვიპასუხა, მე მაგ წერილის შედგენაში მონაწილეობა არ მიმიღიაო, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე, – მაინტერესებს, მაშინ ვინ, როგორ და საიდან დაითვალა ეს თანხა?!“
„ადამიანები ელოდებიან ოპერაციების თანადაფინანსებისა და მედიკამენტების შესაძენ თანხას, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, – მერიის სოციალური სამსახურის მიერ საკრებულოში შემოტანილი საკითხი სოციალურ პაკეტში ცვლილებების შესახებ გადავდეთ, რადგან რეორგანიზაციის შედეგებს ველოდებით. სად არის ეფექტურობა და დაზოგილი თანხები, რაც უნდა მიგვეღო,“ – ამაზე უნდა გაგვცეს მერიამ პასუხი.
გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, მის სამსახურს ააიპ-ების რეორგანიზაციის პროცესში მხოლოდ იურიდიული საკითხების მოწესრიგება ევალებოდა, რასაც, მისივე თქმით, თავი კარგად გაართვეს – სამსახურს არც ერთი შენიშვნა არ მიუღია საჯარო რეესტრიდან. რაც შეეხება შემდგომ პროცესებს, კახა გოლუბიანი ამბობს, რომ ააიპ-ების ხელმძღვანელების გადასაწყვეტია, ვის გაუშვებენ სამსახურებიდან და ვის დატოვებენ. რეორგანიზაციის შედეგებს საკრებულოს კომისიები პარასკევს, 25 მაისს, შერწყმული ააიპ-ების ხელმძღვანელებისგან მოისმენენ.
დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა მოითხოვა, რომ 4 ივნისს საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერი მოიწვიონ და მისგან მოისმინონ ააიპ-ების რეორგანიზაციის შუალედური შედეგები.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი