ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიება „მოხალისე გიდები“ გაიმართა.

ხარაგაულის საჯარო სკოლების მოსწავლე-გიდებმა ხიდარის საჯარო სკოლის მეშვიდე და მერვე კლასების მოსწავლეებს უმასპინძლეს. მათ თანატოლებს მუზეუმის შექმნისა და მუზეუმში დაცული ექსპონატების ისტორია გააცვნეს.

ხიდრის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელ თამარ თაბუკაშვილს პროექტი ძალიან მოეწონა.

„სურვილი გაგვიჩნდა, რომ მოხალისე გიდები მომავალში ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც გახდნენ, – ამბობს თამარ მასწავლებელი, – მომავალში სისტემატურად ვითანამშრომლებთ ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმთან. კმაყოფილი ვართ დღევანდელი დღით. მადლობა ჩვენს მასპინძლებს. თანატოლის მიერ გადმოცემული და ნაამბობი მოსწავლეებს უფრო მეტად დაამახსოვრდებათ. ბედნიერია ის სკოლა, სადაც ასეთი მოაზროვნე თაობა იზრდება.“

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში პროექტი „მოხალისე გიდები“ 2007 წლიდან ხორციელდება. ამ პროექტის ავტორი, ფონდების მთავარი მცველი ეკა შველიძე ამბობს, რომ პირველი „მოხალისე გიდებისთვის“ დღემდე დაუვიწყარია ის ბედნიერი წუთები, როდესაც ისინი მუზეუმში მომსვლელ დამთვალიერებლებს ხარაგაულის ისტორიას უამბობდნენ.

უახლოეს დღეებში „მოხალისე გიდები“ ხარაგაულის მუზეუმში თანატოლებს ღორეშის საჯარო სკოლიდან ელოდებიან.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი კვირეულის ფარგლებში უმცროსკლასელებისთვის განახორციელებს პროექტებს „პატარა არქეოლოგები და რესტავრატორები,“ „მოხატული კერამიკა“ (პროექტის ავტორები შორენა კავილაძე და ირმა დეკანოსიძე).