„დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე სერიოზული პრობლემაა ძალადობა, განსხვავებულის მიუღებლობა. ჩემი რჩევაა, გიყვარდეთ უფალი, სამშობლო, ოჯახი, ერთმანეთი. გქონდეთ პატიების, მიტევების უნარი. ხშირად გაიღიმეთ, იშრომეთ და ყველაფერი გააკეთეთ მიზნის მისაღწევად. მაშინ თქვენს ცხოვრებაში ძალადობის ადგილი აღარ იქნება. გახსოვდეთ, რომ არასდროს ხართ მარტო. მაქვს თქვენი იმედი. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავალი თაობა. არასოდეს დაგვივიწყოთ და თქვენი წარმატებები ხშირად გვახარეთ,“ – ასე მიმართა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მეთორმეტეკლასელებს და ყველა კურსდამთავრებული დალოცა.

მეუფემ ახალგაზრდებს ცხოვრების რთულ და საინტერესო გზაზე წარმატებები უსურვა.

გიმნაზიელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს კლასის ხელმძღვანელმა შორენა ბუაჩიძემ და პირველმა მასწავლებელმა მედეა უჩიძემ. კურსდამთავრებულთა სახელით აღმზრდელ მასწავლებლებს, გიმნაზიის ხელმძღვანელ მამა ანტონს (სულთანიშვილი) და მეუფე მელქისედეკს მადლობა გადაუხადა ნინო რამიშვილმა. მან აღნიშნა, რომ სკოლის კედლებიდან ცოდნასთან ერთად მიაქვთ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი, რაც გიმნაზიაში სწავლით უფრო მეტად შეიმეცნეს – უფლისადმი რწმენა.

ღონისძიებაზე მყოფ მომავალ პირველკლასელებს კურსდამთავრებულებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ახალ სასწავლო წელს გიმნაზიაში 12 პირველკლასელს ელოდებიან.

დღეს, 18 მაისს, მეთორმეტეკლასელებისთვის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საშუალო სკოლებს წელს 190 ახალგაზრდა ამთავრებს.

ფოტოებზე: ბოლო ზარი ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში