ხარაგაულის #2 საჯარო სკოლამ ცნობილ პოეტს, მწერალს, პუბლიცისტსა და მთარგმნელს – ავთანდილ ყურაშვილს უმასპინძლა.

„სამწერლო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელს 75 წელი შეუსრულდა, – აღნიშნა ღონისძიებაზე #2 საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ, – ბატონი ავთანდილი 25 წელია, რედაქტორობს ლიტერატურულ ჟურნალს „განთიადი.“ ჟურნალისთვის საიუბილეო თარიღია – „განთიადი“ 130 წლის წინ გამოიცა. სასკოლო ღონისძიებით გვინდა გაგაცნოთ ავთანდილ ყურაშვილის ღვაწლი, შემოქმედება და ღირსეულად განვლილი ცხოვრების გზა.“

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაღალი მხატვრული ოსტატობით წაიკითხეს ავთანდილ ყურაშვილის ლექსები, მწერალთა კავშირის, ცნობილი პოეტებისა და მწერლების გულთბილი მილოცვები.

ავთანდილ ყურაშვილის, როგორც პოეტის, ნათლობა 1961 წელს შედგა, როდესაც მისი პირველი პოეტური კრებული გამოვიდა. როგორც მისმა მეგობარმა, მწერალმა გიზო თავაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, „იმ დროს, ცენზურის გამო, ადვილი არ იყო კრებულის გამოცემა. ავთანდილ ყურაშვილის ლექსების ნაწილი კი სწორედ პატრიოტულ თემაზე, თავისუფლებაზეა შექმნილი. ერთ-ერთ ლექსში „დევში“ რუსეთი იგულისხმება. ამის თქმას მაშინ, თუ შინაგანად დიდი პატრიოტი და ქართველი არ იყავი, ვერ გაბედავდი. ავთანდილ ყურაშვილის დამსახურებაა, რომ დღემდე ცოცხლობს ჟურნალი „განთიადი.“ თავისი საქმიანობით ის საზოგადო კაცია. მისი პოეზია და პროზა კი მარადიული.“

ავთანდილ ყურაშვილის შემოქმედებაზე ასევე ისაუბრეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თენგიზ წოწონავამ, ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ, კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა მერი გიორგიძემ, საკრებულოს წევრმა დავით კიკნაძემ. მათ პოეტსა და მწერალს უსურვეს, რომ კვლავ ჩვეული რუდუნებით დიდხანს ეღვაწოს ქართული ეროვნული სულის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის.

„ბედნიერი ვარ თქვენთან სტუმრობით, – აღნიშნა შეხვედრის დასასრულს ავთანდილ ყურაშვილმა, – აღფრთოვანებული ვარ მოსწავლეებით. ისინი ზუსტად ისე კითხულობდნენ ჩემს ლექსებს, როგორი განცდითა და გრძნობითაც მე დავწერე. მწერლისთვის უდიდესი ბედნიერებაა, როცა შემოქმედებას ისე გებულობენ, როგორც ქმნიდი.“

ავთანდილ ყურაშვილმა ღონისძიებაში მონაწილე თითოეული მოსწავლე თავისი შემოქმედების სამტომეულით დაასაჩუქრა.

ნინო კაპანაძე