ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა სასწავლო წლის ბოლოს თვითმმართველობის დღის მოწყობა.

ერთი დღით მოსწავლეები ირგებენ სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის, პედსაბჭოს თავმჯდომარის, მასწავლებლების, ექიმისა და სკოლაში მოქმედი სხვა თანამდებობის პირების როლებს.

„სკოლის თვითმმართველობის სხდომაზე მოსწავლეებმა თავად შეარჩიეს, თუ ვინ უხელმძღვანელებდა სკოლას, – ამბობს #2 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე, – მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობას. ეს ღონისძიება ემსახურება პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას. ვიმედოვნებ, რომ გამოჩნდებიან მომავალში ხარაგაულის განათლების სისტემაში მუშაობის მსურველი ახალგაზრდები.“

სკოლის დირექტორობა მეთერთმეტეკლასელ ნონა მაჭავარიანს გასულ წლებშიც სურდა. წელს მას ეს ოცნება აუხდა. მისი მოადგილე მეათეკლასელი თამარ ჭიპაშვილია, პედსაბჭოს თავმჯდომარე მეათეკლასელი ლიზა ბარბაქაძე. ნონას ძალიან ეამაყება, რომ სკოლის დირექტორად თვითმმართველობამ აირჩია.

ბარბარე ლურსმანაშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლობა. მან ინგლისური ენის გაკვეთილი ჩაატარა. მისი სურვილია, რომ მომავალში ამ პროფესიას დაეუფლოს.

„ერთგვარი გამოცდილებაა ჩემთვის დღევანდელი დღე, – ამბობს ბარბარე, -ძალიან სასიამოვნოა ბავშვებთან მუშაობა. შემოგციცინებენ თვალებში და უხარიათ, როცა სწორ პასუხებს გცემენ. ეს ემოცია გადამდებია.“

თვითმმართველობის დღე ხარაგაულის #2 სკოლაში მეთორმეტედ ჩატარდა.

ფოტოზე: ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე „მასწავლებლები“