ამ კონკურსში მონაწილეობის მიზნებსა და მნიშვნელობაზე დღეს, 14 მაისს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მასწავლებლებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) იმერეთის კოორდინატორი მაია კეზევაძე და კონკურსის შარშანდელი ფინალისტი, ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბაოს“ ხელმძღვანელი თეა ტალახაძე ესაუბრენ.

„წელს კონკურსის სიახლეა ის, რომ რეგისტრაციისას მონაწილე ეკოკლუბებმა სამოქმედო გეგმა უნდა ატვირთონ, – ამბობს თეა ტალახაძე, – მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვითი ყველა აქტივობა გაეროს წევრი ქვეყნების მიერ აღიარებულ მდგრადი განვითარების 17 მიზანთან იყოს თანხვედრაში.

კონკურსით დაინტერესებულ მასწავლებლებს სამუშაო დღიურები დავურიგეთ, სადაც ეს მიზნებია განმარტებული. მასწავლებლებს გადავეცით ასევე ორი საინფორმაციო პლაკატი, რომლებიც სკოლების ფოიეში, თვალსაჩინო ადგილზე უნდა გამოიკრას.

სკოლების ეკოკლუბების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები ქულებით ფასდება. მაღალი ქულებით ფასდება სკოლების ეკოკლუბების თანამშრომლობა და კონკურსში შშმ ან სსმ პირთა ჩართულობა.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მიზანია, რომ მოსწავლეებმა შეიყვარონ გარემო, აუმაღლდეთ სამოქალაქო ცნობიერება, ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად და ზუსტად განსაზღვრონ ბუნებრივი რესურსების საჭიროებები. მოსწავლეებს უვითარდებათ პრობლემების დანახვისა და მათი გადაჭრის უნარები.“

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ავტორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN). კონკურსის პარტნიორები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვის სამინისტრო.

ეკოკლუბების აქტივობები 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს. სასკოლო პრემიის ფინალი 2019 წლის 21 მარტს – ტყეების დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე forestry.ge