დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავის აღსანიშნავად, ხარაგაულში ომის ვეტერანები შინმოუსვლელთა მემორიალთან შეიკრიბნენ.
შეკრებილმა ხარაგაულელებმა ვეტერანებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე მიულოცეს.
ვეტერანებმა და შეკრებილმა საზოგადოებამ ყვავილებით შეამკეს შინმოუსვლელთა მემორიალი და პატივი მიაგეს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.
1941-45 წლებში ხარაგაულიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 ჯარისკაცი იბრძოდა. მათგან 2 704 მებრძოლი შინ ვეღარ დაბრუნდა.
მეორე მსოფლიო ომში განსაკუთრებული გმირობისთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა ხუთ ხარაგაულელს: დავით ბაქრაძეს, გრიგოლ ბუაჩიძეს, ვლადიმერ ლურსმანაშვილს, გიორგი ინასარიძეს, ვახტანგ ლეჟავასა და შოთა გამცემლიძეს.
1945 წლის 25 ივნისს მოსკოვში გამართულ აღლუმში მონაწილეობდნენ ხარაგაულელები: დავით გელაშვილი, სევასტი შარიქაძე, გიორგი სახვაძე, გიორგი და ზაქარია სულაქველიძეები და მიხეილ სებისკვერაძე.
მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავს ხარაგაულიდან ცხრა ვეტერანი აღნიშნავს – ვერა არევაძე (ვახანი), გიორგი (ჟორა) ბლუაშვილი (ხარაგაული), იური ბუაჩიძე (ფარცხნალი), გრიგოლ გელაშვილი (ნადაბური), ზაქარია (შაქრო) მაღლაფერიძე (ხარაგაული), პეტრე ჩიკვაიძე (საბე), ეკატერინე წიქარიშვილი (ლაშე), დიმიტრი (მიტუშა) ხეცაძე (კიცხი), ანდრო ხიჯაკაძე (ვარძია).
ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისგან დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებით უნდა აღნიშნულიყო. თუმცა იმის გამო, რომ ხელისუფლების წამომადგენლებმა 11 საათზე დაგეგმილ ღონისძიებაზე 40 წუთით დააგვიანეს, – ამასობაში კი ძლიერი წვიმა დაიწყო და შეკრებილი საზოგადოება დაიშალა, – საზეიმო ღონისძიება, ფაქტობრივად, ჩაიშალა.
დაგეგმილი იყო კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძისა და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილის, ბათუ კიკნაძის, მისალმებები.
ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლს ვეტერანებისთვის ფაშიზმზე გამარჯვება სიმღერებით უნდა მიელოცა.
ქოლგებქვეშ შეფარებულ, ომის ქარცეცხლში გამოვლილ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე იმერეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ და პარლამენტარმა კობა ლურსმანაშვილმა ყვავილებითა და სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხარაგაულში ვეტერანებთან შეხვედრამდე ლაშეში მცხოვრები ომის ვეტერანი ეკატერინე წიქარიშვილი მოინახულეს.
ფოტოებზე: ვეტერანები ღონისძიების მოლოდინში; ღონისძიებაზე დაგვიანებული ხელისუფლების წარმომადგენლები ქოლგებქვეშ შეფარებულ ვეტერანებს ომში გამარჯვების დღეს ულოცავენ
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.