18 წლის იყო ხარაგაულელი ზაქარია (შაქრო) მაღლაფერიძე, თანატოლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში რომ გაიწვიეს. 1942 წლის მარტი იდგა. 414-ე წითელდროშოვანი ქართული დივიზია დაღესტანში შეკრიბეს. შაქრო უმცროს მეთაურთა სკოლაში გაამწესეს. დეკემბრის ბოლოს მათი დივიზია საომარ მოქმედებებში ჩაერთო. შემდეგ იბრძოდა კრასნოდარის, სევასტოპოლის, ნოვოროსიისკის, ანაპის გასათავისუფლებლად.
„ქერჩში უთანასწორო ბრძოლები გადავიტანეთ, – იხსენებს შაქრო ბაბუა, – ჯარისკაცებმა თავი აჯიმუშკაის ქვის სამტეხლოებს შეაფარეს. ფაშისტებმა მომწამლავი გაზი გამოიყენეს. სასწაული მოხდა, ქარი ამოვარდა და აირი უკუაქცია. გერმანელები უფრო მეტად დაზარალდნენ, ვიდრე ჩვენი ჯარისკაცები, თუმცა მსხვერპლი მაინც დიდი იყო. ქვის სამტეხლოების კედლებზე სისხლით ეწერა – „ვკვდებით, მაგრამ არ ვნებდებით.“
1943 წლის 16 სექტემბერს, ნოვოროსიისკის გათავისუფლების დროს, მძიმედ დავიჭერი.
გამნაღმველი ვიყავი. დამავალეს, ესა და ეს უბანი უნდა გააუვნებლოო. სპეციალური აპარატით ვეძებდი ნაღმებს. როცა დავრწმუნდი, რომ ტერიტორია გავნაღმე და უკან ვბრუნდებოდი, სწორედ მაშინ აფეთქდა ნაღმი. აპარატი მხოლოდ რკინის ნაჭერზე დამაგრებულ ნაღმს მიჩვენებდა, თურმე ის ერთი ნაღმი პატარა ფიცარზე ყოფილა დამაგრებული. მარჯვენა ხელის თითებს მას შემდეგ ვეღარ ვამოძრავებ. გონებადაკარგული წამიყვანეს ჰოსპიტალში. ასმეთაურს ხარაგაულში დეპეშა გამოუგზავნია, რომ ჯარისკაცი მაღლაფერიძე დაიღუპა.
მამაჩემს თურმე ამ ამბავს ვერ უმხელდნენ. სასწაულმა გადამარჩინა. მერე, როცა გამოვკეთდი, ჰოსპიტალიდან გამოწერილ ქართველ ჯარისკაცებს ხარაგაულში მოკითხვას ვაბარებდი. აქაურები, ვინც ჩემი დაღუპვის ამბავი იცოდა, დაბნეულან და მამაჩემისთვის უთქვამთ, წადი, მოინახულე შენი შვილი, გაიგე ამბავიო.
მამა რომ ჩემთან წამოსასვლელად მოემზადა, მოულოდნელად სახლში დავბრუნდი. 1944 წელი იყო. დედაჩემი ჩემი დაბრუნებიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. დავრჩით მე და მამა. მამაჩემმაც ორ წელიწადში დაგვტოვა.
ოჯახს მოვეკიდე. ოთხი შვილი გავზარდე, ოთხი სახლი ავაშენე. ბევრ საპასუხისმგებლო საქმეზე ვმუშაობდი – კოლმეურნეობის თავმჯდომარე ვიყავი, ბრიგადირი, აგროტექნიკოსი, საწყობის გამგე, მაღიარებდნენ და მენდობოდნენ.“
ომიდან დაბრუნების შემდეგ შაქრო მაღლაფერიძე ფრონტის ამბებს გაზეთებიდან გებულობდა. 9 მაისი მისთვის განსაკუთრებული დღეა. წლების მანძილზე ხარაგაულელი ომგამოვლილი მეგობრები ლევან ჩერქეზიშვილის ოჯახში იკრიბებოდნენ და ფაშიზმზე გამარჯვებას ერთად აღნიშნავდნენ.
„ომი საშინელებაა, კაცობრიობის გამანადგურებელი, – ამბობს შაქრო მაღლაფერიძე, – ომს სიღარიბე, შიმშილი და სიკვდილი მოაქვს… ყველაფერს აკეთებდა ჩვენი ხალხი იმისთვის, რომ ომი მოგვეგო. პარტიზანული რაზმები შეიქმნა. საამაყოა, რომ ხარაგაულელებს საბჭოთა კავშირის ხუთი გმირი გვყავს.
…ჩემი თანატოლებიდან ზოგი ჩემსავით დაჭრილი დაბრუნდა. ლევან ჩერქეზიშვილმა ომში ფეხი დაკარგა. დამსახურებული მებრძოლები იყვნენ გიორგი (ჟორა) ბლუაშვილი, ანდრო ხიჯაკაძე, იპოლიტე მაისურაძე, ბიჭიკო ავალიშვილი, ანდრო ნადირაძე, ჟორა კიკნაძე, შოთა ნანიტაშვილი. სამ-სამი ვაჟკაცი დაიღუპნენ გველესიანების, ლურსმანაშვილებისა და დევდარიანების ოჯახებიდან.“
შაქრო მაღლაფერიძისა და მისი მეუღლის, 94 წლის ვერა ტაბატაძის 12 წევრიან ოჯახში ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემა და სიყვარულია. ერთმანეთს ეხმარებიან საქმეში და დღე და ღამე შრომობენო, – ამბობს შაქრო ბაბუა. შვილთაშვილი, 9 წლის გიორგი, დიდ ბაბუას ომის ამბებს ხშირად აყოლებს, ყურადღებით უსმენს და ჩანს, რომ ეამაყება გმირი წინაპარი. 95 წლის შაქრო ბაბუა კი მომავალ თაობას უღრუბლო ცას, მშვიდობიან ცხოვრებას და კარგ სწავლა-განათლებას უსურვებს.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.