მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. 303 წლის 6 მაისს, 30 წლის ასაკში, დიდმოწამე გიორგის იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს.

„წმინდა გიორგის ყველაფერი გააჩნდა – ძალაუფლება, გავლენა, სიმდიდრე. მას იმპერატორობისთვის ამზადებდა დიოკლეტიანე, მაგრამ ქრისტეს სიყვარულის გამო თავი გაწირა, – აღნიშნა ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვარმა არქიმანდრიტმა ანტონმა (სულთანიშვილი) საკვირაო წირვის შემდეგ, – მხედართმთავარი გიორგი ქრისტეს უკვდავი მხედარი გახდა. ჩვენი ცხოვრების წესით, რა დონეზეც შეგვიძლია, მივბაძოთ მას.

წმინდა გიორგი საქართველოს განსაკუთრებული მფარველია. ისტორიიდან ცნობილია მაგალითები, როცა ერს უჭირდა, წმინდა გიორგი ბრძოლის დროს ქართველთა ლაშქარს წინ მიუძღოდა. მისი თავდადება – უფლისთვის თავგანწირვა სამაგალითო უნდა იყოს ჩვენთვის. ამიტომ ჩვენი ცოდვებისა და ცხოვრებისეული განსაცდელების მიუხედავად, უფალს უნდა მივეახლოთ და შენდობა ვთხოვოთ. განვიწმინდოთ ჩვენი გულები და სულები. შევიყვაროთ მოყვასი ისე, როგორც გვიყვარს საკუთარი თავი. წმინდა გიორგის ლოცვა-კურთხევით ღმერთმა გაგვაძლიეროს.“

ფოტოზე: ხარაგაულის ეკლესიის მოძღვარი მამა ანტონი და მრევლი წირვის შემდეგ