მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დასკვნითი ტური 12 მაისს გაიმართება.

იმერეთიდან დასკვნით ტურში 65 მოსწავლე მონაწილეობს. მათ რეგიონულ ტურში გაიმარჯვეს.

„ჩემი იმერეთის“ რედაქცია დასკვნითი ტურის ერთ-ერთ მონაწილეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის საჯარო სკოლის მერვეკლასელ კესო ჩხიკვაძეს დაუკავშირდა. კესო ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან კონფერენციაში მონაწილე 16 მოსწავლიდან ერთადერთია, ვინც დასკვნითი ტურის საგზური მოიპოვა.

კესო ჩხიკვაძე სექციაში – მედია და მასობრივი კომუნიკაცია – მონაწილეობს თემით „ქართულ-რუმინული ურთიერთობები – ლეგენდარული სიყვარულის ისტორია“ (თემის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი იზოლდა ოკრიბელაშვილი). კესო ჩხიკვაძის თემაში აღწერილია ხარაგაულელი ქალბატონის, ზაირა სამხარაძისა და მისი მეუღლის, ენათმეცნიერის, ალექსანდრე კალჩუს წვლილი ქართულ-რუმინულ ურთიერთობებში, მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მოვლენები.

„ჩემი იმერეთის“ რედაქცია სიხარულით აღნიშნავს, რომ კესო ჩხიკვაძე, ამავდროულად, „ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან არსებული ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტია.

წარმატებებს ვუსურვებთ კონფერენციის მონაწილეებს.

ფოტოზე: კესო ჩხიკვაძე