აღნიშნული სლოგანით 23-29 აპრილს საქართველოში მიმდინარეობს ევროპის იმუნიზაციის კვირეული.

ვინაიდან მედიას დიდი როლი აქვს მოსახლეობის ინფორმირების თვალსაზრისით, ერთხელ კიდევ შევეხოთ პროფილაქტიკური აცრების დიდ მნიშვნელობას დაავადების, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის თავიდან აცილებისათვის. გვინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმუნიზაციის აქტუალურობასა და შეუცვლელობას.

იმუნიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. ის წარმოადგენს ჯანდაცვითი ინტერვენციების ყველაზე ეფექტურ საშუალებას. ყველა ბავშვი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას, იცხოვროს ჯანმრთელად. ვაქცინაცია კი ამ მიზნისკენ გადადგმული ყველაზე ადრეული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან სამშობიაროშივე იწყება.

სახელმწიფო ახროციელებს 12 ინფექციის საწინააღმდეგო ვაცინაციას: ტუბერკულოზი, ჰეპატიტი „B”, დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული, პნევმოკოკური ინფექციები, „ბ“ ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცა.

აღნიშნული დაავადებები საკმაოდ მძიმედ მიმდინარეა, იწვევს სერიოზულ გართულებებს (გონებრივი ჩამორჩენილობა, სიბრმავე, სხვადასხვა ორგანოების დაზიანებები, ინვალიდობა, ზოგჯერ სიკვდილიც).

ვაქცინების მაღალი ხარისხის გარანტირებისათვის სახელმწიფო შეისყიდის მხოლოდ ჯანმო-ს მიერ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე სერთიფიცირებულ ვაქცინებს. ამიტომ მინიმუმამდეა დასული აცრისშემდგომი არასასურველი მოვლენები (ტემპერატურა, აცრის ადგილის შეწითლება, შესიება, მტკივნეულობა).

მშობელმა დროულად უნდა მიიყვანოს ბავშვი უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში აცრების დასაწყებად; არ უნდა გადადოს აცრა თვითნებურად, გაითვალისწინოს ექიმის რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს მას აცრების დროულად და სრულყოფილად ჩატარებაში. მოსახლეობაში არასწორი და არასრული ინფორმირებულობის შედეგია დაავადების ცალკეული შემთხვევები. ამიტომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რომელიც სრულყოფილად იცავს ადამიანის ვაქცინაციით მართვადი ინფექციებისგან.

ამჟამად მიმდინარეობს წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო აცრების კამპანია, მშობლებმა მიაქციეთ ყურადღება თქვენი შვილების აცრის სტატუსს. ისინი აღნიშნული აცრით ორჯერ უნდა იყვნენ აცრილი. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მივაკითხოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებს გამოტოვებული აცრის ჩასატარებლად. ეს ეხება 40 წლამდე ასაკს.

თუ ადამიანს არ ახსოვს ან ვერ იძებნება ინფორმაცია წწყ-თი აცრის შესახებ, ამ შემთხვევაშიც საჭიროა აცრა. აცრები უფასოა, ვაქცინები-უსაფრთხო, დროული და სრულყოფილი აცრა კი ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტი და საიმედო მცველია. გახსოვდეთ, მშობლებო, თქვენი შვილების ჯანმრთელობა თქვენს ხელშია!

იმუნიზაცია მთელი სიცოცხლის მანძილზე – ჩვილობიდან ხანდაზმულობამდე!

ვაქცინაცია ყველასათვის – ჩვილები, არასრულწლოვნები და ზრდასრული ადამიანები, დაცვა ყველას ჭირდება!
ვირუსები არ ცნობენ საზღვრებს, ვაქცინები მოქმედებს!
აცერი და დაიცავი!

ნინო ბუხნიკაშვილი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი