საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი დასრულდა. იმ კონკურსანტებმა, რომელთაც წარმატებით დაძლიეს ტესტირება და გასაუბრება, მოიპოვეს დირექტორობის უფლება.

„სერტიფიცირებული პირები, ვისაც სურვილი ექნება დაიკავოს ვაკანსიით გამოცხადებული თანამდებობა, სამინისტროში წარადგენენ სტრატეგიულ გეგმას. ამასთან დაკავშირებით განათლების მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს,“ – აღნიშნა 10 თებერვალს კონკურსანტებისთვის სერტიფიკატების გადაცემისას ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ. მისივე ინფორმაციით, დაახლოებით ორ თვეში გამოცხადდება ხელახალი კონკურსი. „სამინისტროს პოზიციაა, რომ 2015 წლის სექტემბრისთვის ყველა სკოლას ხელმძღვანელობდეს სერტიფიცირებული დირექტორი,“ – აღნიშნა დავით კიკნაძემ. მან მიულოცა სერტიფიკატის მიღება კონკურსანტებს და შემდგომი წარმატებები უსურვა.

GEDV0096სერტიფიკატის მფლობელებს მიესალმა მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი. მან დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატა გამარჯვებული კანდიდატების მიმართ და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა სკოლებთან პარტნიორობას გეგმავს. კობა ლურსმანაშვილმა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სკოლების პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს აღარასდროს განმეორდება. გამგებელმა სურვილი გამოთქვა, რომ რესურსცენტრთან და სკოლების დირექტორებთან კონსულტაციით მომავალში გამოვლინდნენ განათლების სფეროს დამსახურებეული მუშაკები, რომელთაც ღირსების მედლის კანდიდატად წარადგენენ შესაბამის უწყებაში.

სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ინგა მაღრაძემ.

კონკურსში გამარჯვებულთა სახელით ისაუბრეს მარელისისა და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლების დირექტორებმა ვერა ოდიკაძემ და ვალერი გოგნაძემ. მათ მადლიერება გამოხატეს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ინტერესდებოდა კონკურსის შედეგებით. მათივე თქმით, ძალას და ენერგიას არ დაიშურებენ იმ მნიშვნელოვან საქმეში, რასაც მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდა ჰქვია.

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის გავლის შემდეგ სერტიფიკატები მიიღეს: თამარ წიწილაშვილმა, გიორგი გველესიანმა, ლენა აბაშიძემ, ვერა ოდიკაძემ, დოდო ხაჩიძემ, გოჩა კვინიკაძემ, იზოლდა ოკრიბელაშვილმა, ინგა ვეფხვაძემ, როლანდი ცუცქირიძემ, ირმა იჩქიტიძემ, ვალერი გოგნაძემ, ნანა სხილაძემ, ეთერი პაპავამ, ხათუნა გელაშვილმა.

დირექტორის შესარჩევი კონკურსი უკვე გავლილი აქთ და სერტიფიკატს ფლობენ: დალი ლურსმანაშვილი, ვარდო ჭიპაშვილი, ჰამლეტ ბერაძე, ვეფხვია ლომიძე.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, სერტიფიკატი მიიღო ხევის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მერი ხადილაშვილმა.

10 თებერვალს სკოლის ის მოქმედი დირექტორები, რომელთაც, მათივე თქმით, წარმატებით გაიარეს ტესტირება-გასაუბრება და ვერ მოხვდნენ სერტიფიცირებულთა რიგებში, განათლების სამინისტროსთან შეიკრიბენ. დირექტორების განცხადებით, მათთვის შეურაცხმყოფელია ის, რომ მიუხედავად მაღალი ქულებისა, განათლების სამინისტრომ ისინი სერტიფიკატების გარეშე დატოვა. სკოლების მოქმედი დირექტორები აცხადებდნენ, რომ მათი უმრავლესობა გამოცდილი ხელმძღვანელია და პრეტენზია დირექტორის სკამზე კი არ აქვთ, არამედ აპროტესტებენ იმას, რომ სერტიფიცირებისას მიღებული მაღალი ქულებისმ იუხედავად, გასაუბრების შემდეგ, საეჭვოდ გააჭიანურეს სერტიფიცირება გავლილი დირექტორების სიის გამოქვეყნება  და მათ, გაურკვეველი მიზეზების გამო, სერტიფიციკატები ვერ აიღეს.

სერტიფიკატების გარეშე დარჩნენ ხარაგაულის მუნიციალიტეტიდან ვარძიისა და ღორეშის საჯარო სკოლების დირექტორები ჯამბულ ხიჯაკაძე და ქეთევან ბარბაქაძე. „ალბათ არ ვიყავი მზად გასაუბრებისთვის. ხელახლა გამოცხადებულ კონკურსში კი აუცილებლად ჩავერთვები,“ – აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ჯამბულ ხიჯაკაძემ.

„ვერაფერს გეტყვით, ძალიან გაოგნებული ვარ. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ არ აღმოვჩნდი სერტიფიცირებულთა შორის, – ამბობს ქეთევან ბარბაქაძე, – 79 ქულა მივიღე ტესტირებისას და აუცილებლად ჩავერთვები შემდეგ კონკურსში. აბა, ამდენ შრომას წყალში ხომ არ ჩავყრი.“

ნინო კაპანაძე