

ხარაგაულში ცნობილმა მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილმა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საკვირაო სკოლა გახსნა. „ძალიან მიყვარს ეს მხარე. სოფელ ჩრდილში გვაქვს ჩემი მეუღლის სახლი და პრაქტიკულად, უკვე ოცი წელია, ზაფხულს სოფელ ჩრდილში ვატარებ. წარმოშობით მეც იმერელი ვარ.
ყველაფერი თავმოყრილია დედაქალაქში და რეგიონებში არის პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობის. არადა, ნიჭიერების მთავარი რესურსი ყოველთვის იყო რეგიონებიდან, – ამბობს მაია დათუნაშვილი, – ძალიან მიყვარს აქაურობა და მართლა გული მტკივა. რაც მთავარია, ბავშვები მიყვარს ძალიან. თბილისში მყავდა რეგიონიდან ჩამოსული ძალიან ნიჭიერი მოსწავლეები, რომელთაც ადგილზე არ ჰქონდათ განვითარებისთვის ის პირობები, რაც აქვს ბავშვს დიდ ქალაქსა და დედაქალაქში.
ვხედავდი – დგანან ბავშვები ქუჩაში, არსად აქვთ წასასვლელი, არ აქვთ გასართობი. ეს დრო ამ ბავშვებმა შეიძლება მოანდომონ თავიანთი ინტერესებისა და ცოდნის გაღრმავებას, მსოფლმხედველობისა და თვალსაწიერის გაფართოვებას.
ამიტომ გამიჩნდა იდეა, რომ ხარაგაულში გავხსნა ერთგვარი საკვირაო სკოლა, სადაც ჩემს გამოცდილებასა და კონტაქტებს მოვახმარ ამ ბავშვებსა და ახალგაზრდებს.
ამ იდეის შესახებ ვუთხარი გამგებელ კობა ლურსმანაშვილს და დეპუტატ ნოდარ ებანოიძეს. მას შემდეგ, რაც მათ ამ იდეას მხარი დაუჭირეს, პროექტის სახე მივეცი და 8 თებერვალს ბავშვებთან მუშაობას შევუდექი.“
ქალბატონი მაია დათუნაშვილი ხარაგაულელ ბავშვებსა და მათ მშობლებს ჰპირდება, რომ ახლადგახსნილ საკვირაო სკოლაში ყოველ შაბათ-კვირას განიხილავენ ბევრ საინტერესო თემას, რომლებიც ეხება კულტუროლოგიას, სახელოვნებო განათლებას, ისტორიებს საინტერესო ადამიანებსა და პიროვნებებზე.
„ინფორმაციის სელექციის დეფიციტია. იმდენი ინფორმაციია, რომ არა მხოლოდ რეგიონებში მცხოვრებს ბავშვებს სჭირდებათ სწორი მიმართულების მიცემა, თემის შერჩევა – რომელი წიგნი ან მასალა უნდა შეისწავლონ, შეიმეცნონ; რა იქნება მათი განვითარებისთვის სასარგებლო. ძალიან ძნელია ამ ინფორმაციულ მორევში მათ დამოუკიდებლად, თავისი გემოვნებით, ცოდნითა და შეხედულებით ამოკრიფონ ის, რაც მათ მომავალში ნამდვილად გამოადგებათ,“ – ამბობს ქალბატონი მაია დათუნაშვილი.
საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის იგეგმება საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა. ქალბატონი მაია აპირებს ცნობილი და საინტერესო ადამიანების ხარაგაულში მოწვევას: „მეც ვყოფილვარ ბავშვი და მიოცნებია. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ნანი ბრეგვაძის გვერდით დავდგებოდი სცენაზე, მაგრამ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ამ თაობას, სამწუხაროდ, დიდი ადამიანებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, რატომღაც, დრომ მოუსპო და არა მხოლოდ დრომ. ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ამაზე ბევრი იმუშავა. ამისთვის ძალიან ცუდად მუშაობდა და ჯერ კიდევ მუშაობს ჩვენი ტელევიზია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ამას ყოველთვის ვაპროტესტებ იმიტომ, რომ თუ არ გყავს სამაგალითო ადამიანი, არ გაქვს რაღაც იდეა, რომელიც შეიძლება მიღწევადი იყოს, მაშინ ძალიან უინტერესოა ცხოვრება, მით უმეტეს, – ბავშვობაში.
რეგიონებში მცხოვრები ბავშვები არიან ძალიან სუფთა, ფაქიზი სულის ადამიანები. ისინი რაც უფრო მეტ მოწიწებას, მეტ დაფასებას, ღირსების დანახვას ისწავლიან, მით უკეთესი მოქალაქეები იქნებიან და საერთოდ, უკეთესად იქნება ჩვენი ქვეყნის საქმე.“
მაია დათუნაშვილი ხარაგაულში ახლადგახსნილ საკვირაო სკოლაში ასევე აპირებს პატრიარქის ინიციატივის – ვიკითხოთ წიგნები – ხორცშესხმას: „მე ვაპირებ, რომ მათ წავუკითხო წიგნები და შემდეგ „ჩავითრიო“ ამაში ისე, რომ მათ წაიკითხონ ჩემთან ერთად. მე მექნება სპეციალური პროგრამა – ასაკობრივი ჯგუფებისა და ინტერესების მიხედვით. ამ წლის მანძილზე ჩვენ აუცილებლად წავიკითხავთ ლიტერატურის გარკვეულ ნაწილს, – რა თქმა უნდა, იმას, რაც არ არის სასკოლო პროგრამაში.“
ქალბატონი მაია დათუნაშვილი განმარტავს, რომ საკვირაო სკოლის პროგრამა არ კვეთს არანაირ დისციპლინას, სკოლის არც ერთ საგანს. მიდგომაც და მეთოდიც აბსოლუტურად განსხვავებულია. პრაქტიკულად, ეს იქნება სახელოსნო, სადაც ისაუბრებენ საინტერესო თემებზე.
ამას დაემატება ვოკალის გაკვეთილები იმიტომ, რომ როგორც ქალბატონი მაია აღნიშნავს, ხარაგაულში ძალიან ბევრი ბავშვი კარგად მღერის და მუსიკალური მონაცემები აქვთ. სპეციალურად შეირჩევა რეპერტუარი, რადგან რეპერტურის, ასევე წიგნებისა და თემების სელექცია საბოლოოდ გემოვნებასთანაა დაკავშირებული.
გაზაფხულისთვის იგეგმება ექსკურსიები ეროვნულ მუზეუმში, ოპერის თეატრში, სიღნაღში, კახეთის ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად და ა. შ.
„ძალიან მინდა, რომ ეს ბავშვები რამდენიმე სპექტაკლს დაესწრონ თბილისში. მინდა შევახვედრო იმ ადამიანებს, რომლებსაც ხედავ მხოლოდ ტელევიზიით, შევიყვანო კულისებში, ვაჩვენო როგორ მიმდინარეობს ის პროცესი, რაზეც ჩვენ პირველი შეხვედრის დროს უკვე ვისაუბრეთ,“ – ამბობს ქალბატონი მაია.
საკვირაო სკოლის აღსაზრდელებისა და მათი მშობლებისთვის ყველაფერი იქნება უფასო. 8 თებერვალს ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში გამართულ პირველ მეცადინეობაზე ორმოცდაათამდე ბავშვი და მოზარდი შეიკრიბა. თუმცა, როგორც ქალბატონი მაია ამბობს, შეუძლია, რომ საკვირაო სკოლაში მიიღოს ასამდე მსურველი, რომელთაც გადაანაწილებს ასაკობრივ ჯგუფებში.
პროექტი ერთწლიანია. ზაფხულში, ერთი თვის განმავლობაში, შეისვენებენ მხოლოდ.
მაია დათუნაშვილი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მაჟორიტარ დეპუტატს, ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დირექტორს ქალბატონ ლალი ალექსიძეს და სამუსიკო სკოლის მთელ კოლექტივს. პედაგოგებმა აიტაცეს ეს იდეა და, როგორც თავად ამბობს, ყველანაირად გვერდით უდგანან, ჩაერთვენ ამ იდეის განხორციელებაში.
ლაურა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,