აპრილის ბოლოს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი მაყურებელს სპექტაკლზე „წითელქუდა“ ეპატიჟება.

რეჟისორი ირინე ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ შარლ პეროს უკვდავი ზღაპრის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ხარაგაულელი მაყურებელი ისეთივე სიყვარულით მიიღებს, როგორც ათი წლის წინ. სპექტაკლი ხარაგაულის კინოთეატრში აპრილის ბოლოდან რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმართება და მას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის მოსწავლე ნახავს.

როგორი იქნება კულტურული და სპორტული ცხოვრება ჩვენს მუნიციპალიტეტში, რა სიახლეებს უნდა ველოდეთ და რა პრობლემების დაძლევა უწევთ – ამ საკითხებზე მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, რეჟისორი ირინე ჩხეიძე გვესაუბრება:

„ჩვენი სამსახურისთვის განსაკუთრებულად აქტიური პერიოდი იწყება, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – 14 აპრილს ქუთაისის ოპერის თეატრში მუსიკალური კონკურსის – „იმერეთის ხმის“ დასკვნითი ტური გაიმართება. 16 აპრილს კი – გალა კონცერტი და დაჯილდოება. ძალიან ვღელავ, რადგან ხარგაულიდან ხუთი მომღერალი მონაწილეობს. ამ ფესტივალში ხარაგაულელები ყოველთვის საპრიზო ადგილებს იმსახურებდნენ.

24 აპრილს ხარაგაულში ცნობილი მომღერლის, ლაშა ღლონტის, კონცერტი გაიმართება.

ღირსეულად უნდა წარვსდგეთ 2 მაისს ქუთაისობის დღესასწაულზე.

ჩვენი სამსახურის ორგანიზებით ხარაგაულში საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავი მაისში მასშტაბურად უნდა აღვნიშნოთ. ჩატარდება კვირეული. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. ისტორიულ მუზეუმში ისეთივე ტიპის წარმოდგენა გაიმართება, როგორიც უნივერსიტეტის ასი წლისთავისა და დავითობის აღსანიშნავად მომზადდა. მოეწყობა ახალგაზრდა ფოტომოყვარულების გამოფენა პატრიოტულ თემაზე. კვირეულის ბოლოს ჩატარდება ინტელექტუალური კონკურსი „რა? სად? როდის?“ და მასში მუნიციპალიტეტის სკოლები ჩაერთვებიან. კონკურსის თემა იქნება საქართველო.

მაისის ბოლოს დაიწყება იმერეთის თეატრალური ფესტივალი. ვმუშაობთ ახალ სპექტაკლზე, რომლის პრემიერაც ხარაგაულში შედგება. სპექტაკლს მაკა კუკულავას პიესის მიხედვით ვდგამთ. ეს ფსიქოლოგიური დრამაა და დღეს ძალიან აქტუალურ თემას ეხება. სპექტაკლს ვუწოდე „ორნი,“ თუმცა თავად პიესას სახელი არ აქვს.

ხარაგაულის სახალხო თეატრი რუსთავსა და ამბროლაურში მიგვიწვიეს. ფინანსების არქონის გამო, ჯერჯერობით, ვერ გავემგზავრეთ. მოგეხსენებათ, ააიპ-ების რეორგანიზაცია მიმდინარეობს და იქნებ თეატრს მეტად მიეცეს ხარაგაულს გარეთ მაყურებლის წინაშე წარდგომის, კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ვფიქრობ, თანხების ოპტიმიზაციისა და ფინანსების თანაბრად გადანაწილებისთვის ერთნაირი პროფილის დაწესებულებების გაერთიანება ეფექტური იქნება.

წლის ბოლომდე ვგეგმავ თოჯინების თეატრის ახალი სპექტაკლის პრემიერას. მინდა ამჯერად რომელიმე ქართული ზღაპარი დავდგა.

კულტურის ცენტრი პროგრამას შეიმუშავებს და რამდენიმე სოფელში, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურაა, კონცერტებს გამართავს. სამწუხაროდ, თითქმის არსადაა სპექტაკლის ჩვენებისთვის შესაბამისი პირობები. ბორითის კულტურის სახლში კი აუცილებლად ვაჩვენებთ ერთ სპექტაკლს ჩვენი თეატრის რეპერტუარიდან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა შეიგრძნონ თეატრალური სამყაროს მნიშვნელობა. 2016 წელს საბავშვო სპექტაკლი „სათაგური“ თითქმის ყველა სკოლის მოსწავლემ ნახა. რა თქმა უნდა, ხარაგაულის კინოთეატრში, შესაბამისი ტექნიკური პირობების გამო, ყველაზე ეფექტურია სპექტაკლის ჩვენება. თავად სკოლებმა მოახერხეს და უზრუნველყვეს მოსწავლეთა მოყვანა სპექტაკლზე. ერთ დღეს იმდენი მაყურებელი მოვიდა, რომ ორჯერ ვითამაშეთ.

სოფლებში წარმატებით ვახორციელებთ თოჯინების თეატრის პროექტს. უკვე 30 სოფელში ვიყავით და ყველგან მივალთ, როცა საშუალება გვექნება. თოჯინების თეატრის სპექტაკლს ნებისმიერ ადგილზე ვაჩვენებთ. ხშირად ღია ცის ქვეშ, ტრიალ მინდორში ვატარებთ სპექტაკლებს. ამიტომ არის თოჯინების თეატრი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი – ყველგან მივდივართ და ბავშვებს ვახარებთ.

კულტურის სფეროს ააიპ-ებიდან ლიტერატურული თეატრი ხშირად აჩვენებს სპექტაკლებს, სოფლებში კონცერტებს მართავს ხალხური შემოქმედების სახლი. ჩვენი სამსახურისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სოფლებში ადგილებზე ჩატარდეს კონცერტები და სპექტაკლები.

რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს – სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ხარაგაულიდან 12 სკოლა მონაწილეობს. ოლიმპიადის რეგიონული ტური 12 აპრილიდან 19 აპრილამდე გასტანს.

გასულ წელს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა რამდენიმე ახალგაზრდული ინიციატივა დააფინანსა – ქუჩის კალათბურთი, ვინ როგორ იცნობს კონსტიტუციას და ახალგაზრდული საახალწლო ღონისძიება.

მინდა შეხვედრა მოვაწყო ხარაგაულში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალბატონებთან.

ვგეგმავ მომღერალი ოჯახების კონცერტს. მერის წარმომადგენლებს ვთხოვე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მხოლოდ შვიდი მომღერალი ოჯახი მოვიძიეთ. თქვენი საშუალებით მივმართავ ყველას, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია სოფლებში მცხოვრები მომღერალი ოჯახების შესახებ.

14-18 აგვისტოს ხარაგაულში ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის თეატრი გვესტუმრება. ხარაგაულისა და ლიმბაჟის თეატრების მეგობრობა თითქმის 30 წელს ითვლის. ძალიან ვღელავ, რადგან მათ ისევე ღირსეულად უნდა დავხვდეთ, როგორც ჩვენ გვმასპინძლობენ ლიმბაჟში თეატრალურ ფესტივალზე.

ნინო კაპანაძე